„ინტერ მაიამიმ“ სტუმრად 0:4 დაამარცხა „ნიუ-იორკ სიტი“ და ჩრდილოეთ ამერიკის მეიჯორ ლიგის (MLS) პლეი-ინ ტურნირში ადგილი დადგენილ ვადაზე ადრე მოიპოვა. ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, თითო გოლი ლუის სუარესმა და ბალთასარ როდრიგესმა გაიტანეს.
ამრიგად, მესი 24 გოლით MLS-ის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა.
29 მატჩის შემდეგ, ხავიერ მასკერანოს მიერ გაწვრთნილ „ინტერ მაიამის“ 55 ქულა აქვს და მე-10 ადგილოსანს 12 ქულით უსწრებს რომელიც პლეი-ინში ვერ გადის. ამ პოზიციაზეა „ნიუ-იორკ რედ ბულსი“ (43), რომელმაც 34 მატჩიდან 31 ითამაშა და დარჩენილ მატჩებში ცხრა ქულაზე მეტს ვერ მოაგროვებს.
„ინტერ მაიამისაც“ შეუძლია პლეი-ოფში პირდაპირი გასვლა, თუ რეგულარულ სეზონში მინიმუმ მეშვიდე ადგილზე გავა. ამისათვის მათ მომდევნო ხუთ თამაშში მინიმუმ ოთხი ქულა უნდა დააგროვონ.