ნეაპოლში გაიმართა ფილმის AG4IN პრემიერა, რომელიც ნაპოლის გასულ, საჩემპიონო სეზონს ეძღვენა.
ფილმშია ხვიჩა კვარაცხელიას კლუბიდან წასვლის კადრებიც, თუ როგორ ემშვიდობება ის გუნდს, ეხვევა ანტონიო კონტეს და მთელ გუნდს სიტყვით მიმართავს:
„ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. საუკეთესოს გისურვებთ ბიჭებო, მიყვარხართ. თქვენ ჩემთვის მეგობრები არ ხართ, არამედ ძმები“, - ამბობს კვარა და დარბაზს ტოვებს.
დოკუმენტურ ფილმში საუბრობს ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც კვარაცხელიას გაყიდვის მიზეზს ასახელებს:
„კვარა, ძალიან ძვირფასო კვარა... თქვენ მეკითხებით, კი, მაგრამ პრეზიდენტო, რატომ გაყიდე იანვარში? იძულებული ვიყავი, რადგან არსებობს მე-17 მუხლი, რომლის მიხედვით, 28 წელზე პატარა ასაკის ყველა ფეხბურთელს შეუძლია კონტრაქტის სამი წლის ვადის გასვლის შემდეგ კლუბიდან ნაჭერი პურის სანაცვლოდ გათავისუფლება. ფეხბურთელს და მის აგენტს ნაპოლიდან წასვლა სურდათ, მე კი, გადავწყვიტე, რომ უკეთესი იყო იანვარში გამეყიდა, ვიდრე შემდეგ საერთოდ არაფერი მიგვეღო“.
„ვიცით, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ, მაგრამ ახლა გუნდი ერთიანია“, - ამბობს კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ასევე ფილმში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.
„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიამ დღემდე 38 მატჩში 9 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა. მან თითოჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. „ნაპოლიმ“ ის პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ გაყიდა.









