ფეხბურთი

15:45 | 25.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ის დოკუმენტური ფილმი: ხვიჩა კვარაცხელია - საქართველოს გმირი

საფრანგეთის ლიგა 1-მა „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სათაურით - ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს გმირი.

ხვიჩა იხსენებს ბავშვობას, ამბობს, რომ მისი მიზანი ყოველთვის ფეხბურთელობა იყო და ფეხბურთის გარეშე ვერ წარმოუდგენია, როგორი ადამიანი იქნებოდა:

"იმით უნდა დავიწყო, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ფეხბურთის თამაშის დროს. მთელი ბავშვობა მინდოდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდრიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გამომივიდა, ფეხბურთი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და არც წარმომიდგენია ფეხბურთის გარეშე როგორი ადამიანი ვიქნებოდი".

"ბედნიერი ბავშვობა მაქვს გატარებული, ღმერთს მადლობას ვუხდი. ჩემი აზრით, ბავშვობა ძალიან მნიშვნელოვანია. არც მჭირდებოდა მეგობრების მოძებნა, ვიცოდი, რომ სტადიონზე იქნებოდნენ და ფეხბურთი უნდა გვეთამაშა".

„მივხვდი, რომ თავდამსხმელს, რომელიც დაცვაშიც კარგად თამაშობს, დღევანდელ ფეხბურთში წარმატების მიღწევის უკეთესი შანსი აქვს“

„როდესაც პატარა ვიყავი ფეხბურთის ვიდეოებს ვერ ვნახულობდი, რადგან ინტერნეტში არ იდო ხოლმე. დედაჩემს მამაჩემის თამაშების ჩანაწერები ჰქონდა და რომ ვნახულობდი, როგორ გოლებს იტანდა, ეს ჩემთვის სასწაული იყო. ვიძახდი ხოლმე, რომ მამაჩემი საუკეთესო იყო, ასე მქონდა გათვითცნობიერებული. ძალიან სასიამოვნოა, რომ ისიც ფეხბურთელი იყო, ჩვენ გენში გვაქვს ფეხბურთი“.

„ყველაფერი, რასაც მოედანზე და მის გარეთ ვაკეთებ, ყველა აკვირდება. ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი ვარ, რაც ჩემთვის პრივილეგია და სასიამოვნო პასუხისმგებლობაა“.

ფილმში კვარაცხელიას გარდა, ზურიკო დავითაშვილი, კახა კაჭარავა, ვილი სანიოლი, ბადრი კვარაცხელია, გიორგი კეკელიძე, „დინამო თბილისის“ აკადემიის მწვრთნელები და გულშემატკივრები საუბრობენ.

მაგალითად, სანიოლი ამბობს, რომ კვარაცხელია მისთვის ფრანკ რიბერის კლონია: "თავიდანვე ჩანდა, რომ სხვანაირი იყო, თამაშის უჩვეულო სტილით. ის ფრანკ რიბერის კლონია. ბურთით ძალიან სწრაფია, როგორც ლიონელ მესი. როდესაც ის მოედანზეა, ეს კარგია შედეგის მისაღწევად და არა ინსტაგრამის ფოტოებისთვის. განცდა მაქვს, რომ თითქოს სხვა ეპოქის ფეხბურთელს ვხედავ".

ლიგა 1-ის დოკუმენტური ფილმის სრულად ნახვა, რომელიც ძალიან საინტერესოა, მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096568