„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ სიკვდილისგან მისმა მეუღლემ, კოლინმა იხსნა.
რუნი იხსენებს პერიოდს, როცა ბევრს სვამდა და ვარჯიშებზე ასე მიდიოდა. უეინი ამბობს, რომ ოც წელზე მეტია, რაც მისი მეუღლე ეხმარება:
„კოლინი ფანტასტიკურია. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, დავიწყეთ შეხვედრები, დავქორწინდით და შვილები გვეყოლა. 17 წლიდან მან იცოდა, რომ ცოტა განსხვავებული ვიყავი. მიყვარდა ფეხბურთი, გატაცებული ვიყავი, მაგრამ ასევე მიყვარდა ღამით გარეთ გასვლა. მან ეს ძალიან ადრევე შენიშნა და აკონტროლებდა ჩემში ამას, მეხმარებოდა მის კონტროლში. ზოგჯერ მეკითხებოდა: „რას აკეთებ?“ ის ისე მექცეოდა, თითქოს მენეჯერი იყო. გულწრფელად მჯერა, რომ ის რომ არ ყოფილიყო, მკვდარი ვიქნებოდი. მართლა ასეა. ის, რაც მან გააკეთა... ზოგჯერ გამაღიზიანებელია. მე ვეუბნებოდი: „რას აკეთებ?“ მაგრამ ყველაფერი, რაც ის აკეთებს, იმისთვისაა, რომ ამ სამყაროში თავი შევინარჩუნო და უკეთესი ადამიანი გავხდე. წარსულში შეცდომებიც დავუშვი, ზოგჯერ ცოტა განსხვავებული ვარ და ის სწორ გზაზე მაყენებს. ის ამას ოც წელზე მეტია აკეთებს.
მინდოდა ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა. მინდოდა გარეთ გასვლა და მეგობრებთან ერთად გართობა. ზედმეტად ბევრს ვსვამდი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ის ეტაპი, როდესაც ალკოჰოლს ვებრძოდი. არ მინდოდა ვინმესთვის მიმემართა, რადგან არ მინდოდა ვინმეს ტვირთად დავწოლოდი. მახსოვს, ვარჯიშზე თვალის წვეთებითა და საღეჭი რეზინით დავდიოდი. ორი დღე ზედიზედ ვსვამდი, შემდეგ კი ვარჯიშზე დავდიოდი. შაბათ-კვირას რამდენიმე გოლს ვიტანდი და შემდეგ კიდევ ორი დღე ზედიზედ ისევ ვსვამდი“, - თქვა რუნიმ.






