ესპანური გამოცემა elgoldigital-ი გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს. გამოცემა ვარაუდობს, რომ სულ მალე ქართველი ფეხბურთელის ღირებულება გაიზრდება, შესაბამისად, „ვილიარეალის“ დიდი ინვესტიცია, რომელის მასში ჩადო, სრულიად გამართლებულია.
„ის, რაც აქამდე გიორგი მიქაუტაძისგან „ ვილიარეალში“ ვნახეთ, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავიანთ ინვესტიციას ამოიღებენ. მართალია, პირველ მატჩებში ქართველმა თავდამსხმელმა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, ნელ-ნელა, ის მარსელინოს ტაქტიკურ სისტემაში პოზიციებს იმკვიდრებს.
24 წლის თავდამსხმელის დებიუტი „ვილიარეალში“ ლა ლიგის მე-4 ტურში შედგა. თუმცა, „ატლეტიკოსთან“ მარცხმა „ლიონის“ ყოფილი ფეხბურთელი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. „ოსასუნას“ წინააღმდეგ მან პირველი გოლი გაიტანა და გუნდს „ლა სერამიკაზე“ გამარჯვებაში დაეხმარა. „სევილიას“ წინააღმდეგ „სანჩეს პისხუანზე“ გამართულ ბოლო მატჩში მან თანაგუნდელ სოლომონს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ანგარიში 2:1 გახდა.
კასტელონის კლუბმა ქართველი ვარსკვლავის სანაცვლოდ 31 მილიონი ევრო გადაიხადა, მაშინ როცა მისი ფასი 22 მილიონი ევროა. ეს ის თანხაა, რომლითაც ფეხბურთელი დღემდე ფასდება, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ის ამ დონეზე გააგრძელებს თამაშს, მხოლოდ დროის საკითხია, როდის ეღირება უფრო ძვირი. არსებობს ვარაუდი, რომ მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მისმა ღირებულებამ შესაძლოა 50 მილიონ ევროს მიაღწიოს.
მიქაუტაძე აჩვენებს მიზეზებს, თუ რატომ გადაწყვიტა „ვილიარეალმა“ მის ტრანსფერში ამდენი ფულის ინვესტირება. დღემდე, ეს „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თავდამსხმელი ამ სეზონშიც გააგრძელებს წარმატებით თამაშს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მარსელინოს შეტევით სქემაში“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით დღემდე ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.






