ფეხბურთი

16:55 | 26.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "პსჟ-სთვის ფეხბურთელის ყიდვა ადვილი არაა, ეს შოპინგს არ ჰგავს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მეექვსე ტურში „ოსერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, არ ნერვიულობს იმ ფაქტზე, რომ გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია:

„მარსელთან“ ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში ვითამაშეთ და ამ მატჩის წაგებას არ ვიმსახურებდით. ასევე ვფიქრობ, რომ საკმარისი შანსები შევქმენით გოლის გასატანად და სულ მცირე ფრე რომ გვეთამაშა, მაგრამ შედეგს უნდა შევეგუოთ.

"მარსელთან“ მატჩის ბოლოს დროს მარკინიოსმა გვითხრა, რომ მცირე ტკივილი იგრძნო, ამიტომ არ გვინდა რისკზე წასვლა. ეს, ალბათ, ნორმალურია ასეთი ინტენსივობის მატჩის შემდეგ. ჩვენთვისაც და ყველა მოთამაშისთვისაც საზიანოა, ვინც ტრავმას იღებს, თანაც, მარკინიოსი ჩვენი კაპიტანია. თუმცა ვფიქრობ, რომ მზად ვართ.

ბევრი ტრავმა? ეს ფეხბურთია და ამასთან ადაპტაციაა საჭირო. არ ვნერვიულობ, ეს ფეხბურთის მაღალი დონეა. ფეხბურთი სპორტია, სადაც ტრავმები ნორმალურია, რადგან ეს კონტაქტური სპორტია. აბსოლუტურად არ ვნერვიულობ და სწორედ ამ მენტალიტეტიის გადაცემას ვცდილობ მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის. ვცდილობთ, ყველაფერი გავითვალისწინოთ, მაგრამ მკითხავი არ ვარ, რომ წინასწარ ვიცოდე რამდენი ფეხბურთელი მიიღებს ტრავმას. ახალგაზრდულ გუნდში ბევრი ხარისხიანი მოთამაშეა, რომელთაც შეუძლიათ გუნდში თამაში და ჩვენი დახმარება. ეს მნიშვნელოვანია მათთვისაც და ჩვენთვისაც, ყოველთვის ვცდილობთ, შანსი მივცეთ კამპუსის ფეხბურთელებს, რომლებსაც ხარისხი აქვთ.

დემბელეს ოქროს ბურთი? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდად დაგვასახელეს და ეს შესანიშნავია. ვფიქრობ, გასულ სეზონში ეს ჯილდო დავიმსახურეთ. რაც შეეხება უსმან დემბელეს, მისი ამ დონეზე დანახვა ძალიან სასიამოვნო იყო. გონებაში მაქვს კადრი, სადაც უსმანი ჩვენს გულშემატკივრებს ოქროს ბურთს აწვდის, რომ შეეხონ. არ მახსოვს, ოდესმე მსგავსი მომენტი მენახა. მიუხედავად იმისა, რომ „მარსელთან“ წავაგეთ, თითქმის იდეალური ორშაბათი იყო.

არა, არ ვნანობ, რომ ზაფხულში უფრო მეტი ფეხბურთელი არ დავიმატეთ. პსჟ-სთვის მოთამაშის დამატება ადვილი არ არის. ეს არ ჰგავს შოპინგს. პსჟ-ში ყველაფრის მიმართ ყურადღებიანი უნდა იყო, ადამიანების, ფულის მიმართ, ფეხბურთელების პოვნა ადვილი არ არის. არაფერს შევცვლიდი.

პერსონალთან ერთად მუდმივად ვცდილობთ გაუმჯობესებას. ყოველთვის ვცდილობთ, დავფიქრდეთ, რა არის დადებითი და უარყოფითი ჩვენს არჩევანში, მატჩების შედეგების მიუხედავად. ყოველთვის ღია ვართ ცვლილებებისთვის და ვფიქრობ, მოთამაშეებმა ეს გაიგეს. როდესაც გაქვს მოთამაშეების თავდაჯერებულობა ეს ყოველთვის დადებითია. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი მენტალიტეტი გვაქვს, ჩვენი მენტალიტეტი.

ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ გრძნობენ თავს ახალგაზრდები, როდესაც პირველი გუნდის გასახდელში შედიან. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გუნდს რაღაც შემატონ. მათ ფიზიკური და ტექნიკური თვისებები აქვთ. ყოველთვის ვფიქრობთ „კამპუსის“ მოთამაშეების გამოყენებაზე. ეს კლუბისთვის მნიშვნელოვანია“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ოსერის“ მატჩი 27 სექტემბერს, თბილისის დროით 23:05 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090044