„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა საბა გოგლიჩიძეზე ისაუბრა. ქართველ მცველს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს, ჯერ ძირითად შემადგენლობაშიც არ ყოფილა, შუა კვირაში იტალიის თასზეც კი არ მიეცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა.
ამასთან დაკავშირებით რუნიაიჩს ჰკითხეს, რასაც მან შემდენაირად უპასუხა:
„ახალწვეულების უმეტესობა ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია, ეს ცხადია. გოგლიჩიძის ნიჭში დარწმუნებულები ვართ, შეგახსენებთ, რომ ის მხოლოდ 21 წლისაა. "ემპოლიში" მთელი სეზონი კარგად ითამაშა, მაგრამ "ემპოლი" გავარდა, გუნდში, სადაც სხვა სტილით თამაშობდა. მას ზრდისთვის საჭირო დროს ვაძლევთ, ბევრ ვიდეოს ვაჩვენებთ და ბევრს ვესაუბრებით, რათა ვაჩვენოთ, რა გვინდა მისგან. ახლახან დავიწყეთ უზარმაზარი სამუშაო. ახალწვეულები ინფორმაციას იღებენ. გოგლიჩიძეს აქვს გარკვეული უნარები, რომელიც არ ისწავლება. ის აგრესიული ფეხბურთელია, დუელებში ძლიერი, მაგრამ დრო სჭირდება იმის გასაგებად, საით იმოძრაოს. შესაძლოა, ახლა არ თამაშობს იმდენს, რამდენიც თავიდან მოსალოდნელი იყო, მაგრამ თავისი შანსი ექნება და ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ ვერ უნდა მოუმატოს. მზად უნდა იყოს, როცა შანსი მიეცემა“, - თქვა რუნიაიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ „უდინეზეს“ რიგებში მიმდინარე სეზონში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე შეცვლაზე, ერთი იტალიის თასზე, ხოლო ერთიც სერია A-ში „ინტერთან“, როცა მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:1).
შეგახსენებთ, რომ „უდინეზე“ სერია A-ს მეხუთე ტურში 28 სექტემბერს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.









