რაგბი

23:43 | 26.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 23:11 ლელო

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის მეოთხე ტურის პირველ მატჩში თბილისის ‘ლელო’ 23:11 დაამარცხა და „სარბიელის სინი“ დაიტოვა.

ზღვისპირელებმა ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს და 18 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. ‘ლელოს’ 9 ქულა დარჩა და ჯერჯერობით მეექვსე პოზიციაზეა.

„ბათუმი არენაზე“ თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო. მათ ჯარიმა კარში ორჯერ არ დაარტყეს, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს და ბადრი ალხაზაშვილის ლელოთი დაასრულეს. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ბათუმმა’ 40 მეტრიდან ბუბა ნოზაძის მიერ გატანილი ორი ჯარიმით (მე-15 და 23-ე წუთებზე) ლიდერობა მოიპოვა. ტაიმის ბოლოს ‘ლელოს’ ლამაზი, ხელდახელ შეტევა გიორგი ჩიქოვანის ლელოთი დასრულდა, თუმცა საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და ხაზის გაჭრის მომენტში წინპასი დააფიქსირა.

მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში გიორგი ბოლქვაძემ ორი ჯარიმა გაიტანა, რომელთა შორის ერთი ზუსტი დარტყმა ნოზაძემ შეასრულა და სტუმრები 11:9 დაწინაურდნენ, თუმცა მერე ინიციატივა სრულად ‘ბათუმის’ ხელში გადავიდა, რასაც ჯერ ნიკა აბესაძის სინბინი, 1 წუთში კი თორნიკე აქუბარდიას ლელო მოყვა და ნოზაძემაც გარდასახა. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით 64-ე წუთზეც ისარგებლეს, თანმიმდევრული შეტევა განახორციელეს და კოკი თხილაიშვილმა ლელოთი ზღვისპირელთა უპირატესობა გაამყარა. ნოზაძემ ესეც გარდასახა.

დასკვნითი წუთები ‘ლელომ’ შეტევებში გაატარა, თუმცა დაცვა კარგად ირჯებოდა და’ბათუმმა’ 23:11 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა.

27 სექტემბერს ტურის ორი თამაშია. ვიცე-ჩემპიონი ‘აია’ ქუთაისში თბილისის ‘ხვამლს’ 16 საათზე მასპინძლობს, 18 საათზე კი ‘გორი’ „ჭალის სტადიონზე“ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ დაუხვდება. 28 სექტემბერს რუსთავში ‘ხარები’ ქუთაისის ‘არესს’ მასპინძლობს (16:00), დედაქალაქურ დერბიში კი ‘წიქარა’ ‘არმიას’ „ავჭალაზე“ შეერკინება (18:00).

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175173