თბილისის სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ შედგა. საღამოს მთავარ ღონისძიებაზე 4 ბრძოლა გაიმართა, სადაც როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ჩემპიონის ქამარი გათამაშდა.
პირველი ბრძოლა 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან იანქოშვილსა და აკაკი კაკრიაშვილს შორის სანახაობრივი გამოდგა. ჩემპიონის ქამარი კი იანქოშვილს დარჩა. ახალგაზრდა სპორტსმენმა საქართველოს ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

დარჩენილ სამ ბრძოლაში გამარჯვებულის ვინაობა ქართველელ და უცხოელ მოკრივეებს შორის გაირკვა.
76 კილოგრამში იაგო კიზირიამ მოლდოველ რუსლან სუდარევს, ხოლო 90 კილოგრამში ირაკლი ალანიძემ იტალიელ ლეონარდო ტურკეტის მოუგო.
რაც შეეხება საღამოს მთავარ დაპირისპირებას, - 72.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში გივი თოდუამ მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მეტოქეს არ დაუთმო. მან ტაილანდელ ფიმირ ჩონკუნს მოუგო. მთავარი ბრძოლა 12 რაუნდიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ტაილანდელმა სპორტსმენმა ქართველის შეტევებს ვერ გაუძლო და ჩემპიონის ვინაობა 7-რაუნდში გაირკვა. ამრიგად, ჩვენს ქვეყანას კრივში ახალი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს.

პროფესიონალურ კრივის შოუს ლენოქს ლუისის სახით სპეციალური სტუმარი ჰყავდა. ლეგენდარული მოკრივე თბილისში 2 დღის წინ ჩამოვიდა და ღონისძიებას დაესწრო. ლენოქს ლუისი ოლიმპიური ჩემპიონი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონია, რომელსაც კარიერაში 45-დან 42 ბრძოლა აქვს მოგებული.

გამოსარჩევია მისი დაპირისპირება მაიკლ ტაისონთან, რომელიც მერვე რაუნდში დაანოკაუტა და ამ მოგებამ მისი სტატუსი ყოფილიყო ლეგენდა, საბოლოოდ გაამყარა. ის მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა და ერთხელ ფრე დაფიქსირდა. ლეგენდარული მოკრივე, თბილისში ჩატარებული ღონისძიებით მოხიბლული დარჩა.









