„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „სოსიედადთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც გერმანელმა აღნიშნა, მათ სურთ, რომ ისე ითამაშონ, როგორც გასულ სეზონში თამაშობდნენ.
„სოსიედადს“ მკაფიო სათამაშო გეგმა აქვს. მათ სურთ, რომ თავიანთი თამაში დაცვიდან ააწყონ, შეტევაში კი შესანიშნავი თავდამსხმელი ჰყავთ. ჩვენც კარგი მოთამაშეები გვყავს. ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა, ვაჩვენოთ, რამდენად ძლიერები ვართ.
როტაცია პსჟ-სთან მატჩამდე? ყოველთვის შემდეგ მატჩზე ვართ ორიენტირებულები, რომელიც ახლა „სოსიედადთანაა“. შემდეგ ვნახავთ, როგორ მოვემზადებით პსჟ-სთან თამაშისთვის. ზედიზედ 4 გამარჯვება გვაქვს და იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ.
ტრავმები? ასეთი რამ ხდება. მაგრამ ასევე ვმუშაობთ ამ პრობლემის მოგვარებაზე და ვხედავთ რამდენიმე მიზეზს, რამაც შეიძლება ტრავმები გამოიწვიოს. „ბარსელონა“ დიდი გუნდია, ყველა პრობლემას განვიხილავთ და მათთან ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ.
გვინდა, გულშემატკივრებს ვაჩვენოთ ის თამაშის სტილი, როგორიც გასულ სეზონში ვითამაშეთ. ტრავმების მიუხედავად, ვამახვილებთ ყურადღებას იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც მოედანზე გასვლა შეუძლიათ“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ – „სოსიედადის“ მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება.