ფეხბურთი

18:29 | 27.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" მწვრთნელი: "კიტეიშვილი მომდევნო კვირაში უნდა დაგვიბრუნდეს"

გრაცის „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზაუმელმა განაცხადა, რომ ოთარ კიტეიშვილი გუნდს ევროპა ლიგის მეორე ტურში „რეინჯერსთან“ მატჩისთვის უნდა დაბრუნდეს.

როგორც მან თქვა, კიტეიშვილს ტელეფონით ესაუბრა და ეს დაუდასტურა. ოთარს მამის გარდაცვალების გამო საქართველოში დაბრუნება მოუწია, რის გამოც „შტურმს“ გამოაკლდა:

„სამწუხაროდ, ოთარს საქართველოში ოჯახთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და კლუბს სახლში დაბრუნებისა და დანიაში თამაშის გამოტოვების ნებართვა სთხოვა. რა თქმა უნდა, დავთანხმდით, რადგან ოჯახზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. ვუთხარით, რომ რამდენი დროც დასჭირდებოდა, გამოეყენებინა. ის აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის და გვაკლია. „რეინჯერსის“ წინააღმდეგ ევროპა ლიგის შემდეგ თამაშზე დროულად უნდა დაბრუნდეს, მან ეს ტელეფონით საუბრისას დაადასტურა.

ევროპა ლიგაზე პირველი ტურის შედეგი იმედგაცრუებული იყო, მაგრამ თამაშით უკმაყოფილო არ ვიყავი. ჩვენმა ახალგაზრდა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განვითარების გზაზე. ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ნებისმიერისთვის შეიძლება რთული მეტოქე ვიყოთ და ვიცით, რომ თუ ევროპა ლიგაზე 24 საუკეთესო გუნდში გვინდა გასვლა, სახლში ქულები უნდა დავაგროვოთ, „რეინჯერსიდან“ დაწყებული“, - თქვა ზაუმელმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165944