ფეხბურთი

19:59 | 27.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" "ბარნლი" გაანადგურა, "ლივერპული" პირველად დამარცხდა, "ჩელსი" - ზედიზედ მეორედ

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში „ლივერპული“ პირველად დამარცხდა, „ჩელსი“ ზედიზედ მეორედ, ხოლო „მანჩესტერ სიტიმ“ დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა.

„ლივერპული“, რომელიც აქამდე უდანაკარგოდ მივიდა, „კრისტალ პალასს“ ესტუმრა, რომლის წინააღმდეგ სეზონის სტარტზე ინგლისის სუპერთასზე პენალტებში დამარცხდა. არნე სლოტის გუნდმა ვერც ამჯერად აჯობა მეტოქეს და უქულოდ დარჩა.

მეცხრე წუთზე ლონდონელები ისმაილა სარის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ „ლივერპულმა“ 87-ე წუთზე ფედერიკო კიეზას გოლით გაათანაბრა, რომელიც ამტკიცებს, რომ კარგ ფორმაშია და მეტ შანსს იმსახურებს. თუმცა, მერსისაიდელებლი მაინც დამარცხდნენ, რადგან 97-ე წუთზე ედი ნკეტიამ მეორე გაუტანა ალისონს და მატჩის ბედი გადაწყვიტა - 2:1.

გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო სკამზე იყო და „წითლების“ კარს ალისონი იცავდა.

„ლივერპული“ 15 ქულით ისევ ლიდერია, მომდევნო ტურში „ჩელსის“ ესტუმრება, ხოლო „კრუსტალ პალასი პრემიერლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და 12 ქულით მეორე საფეხურზეა, მისი შემდეგი მეტოქე „ევერტონი“ იქნება.

„მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „ბარნლი“ 5:1 დაამარცხა. მატჩის ნამდვილი ანტიგმირი „ბარნლის“ ფრანგი მცველი მაქსიმ ესტევე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა, ოღონდ, ორჯერვე თავისი კარი დალაშქრა.

სწორედ ესტევეს ავტოგოლით დაწინაურდა „სიტი“ მე-12 წუთზე, რასაც სკოტ პარკერის გუნდმა ტაიმის მიწურულს უპასუხა. თუმცა, მეორე ნახევარში „სიტიმ“ დაიბრუნა უპირატესობა: ჯერ მათეუშ ნუნიეშმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ესტევემ მეორე ავტოგოლი მიითვალა. თამაში უგოლოდ არც ერლინგ ჰოლანდმა დაასრულა, რომელმაც ბოლო წუთებზე დუბლი შეასრულა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.

„მანჩესტერ სიტი“ ექვსი ტურის შემდეგ 10 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრება, ხოლო „ბარნლის“ მონაგარი ჯერჯერობით 4 ქულაა.

ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა ლონდონის „ჩელსიმ“, რომელიც საკუთარ მოედანზე „ბრაიტონთან“ ვერაფერს გახდა. მეოცე წუთზე გატანილი ენცო ფერნანდესის გოლით ენცო მარესკას გუნდმა ტაიმი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე ტრევორ ჩალობა გააძევეს, რამაც ყველაფერი შეცვალა.

„ბრაიტონმა“ იდეალურად ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით: 77-ე წუთზე დენი ველბეკმა გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მაქსიმ დე კუიპერმა თავისიანები წინ გაიყვანა. შემდეგ ველბეკმა დუბლიც შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

„ჩელსი“ 8 ქულით მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ლივერპულს“ უმასპინძლებს, ხოლო „ბრიტონსაც“ 8 ქულა აქვს და „ვულვზს“ ესტუმრება.

პრემიერლიგაში კიდევ ერთი მატჩი იყო, რომელშიც „ლიდს იუნაიტედი“ და „ბორნმუთი“ დაზავდნენ (2:2), ხოლო იქამდე ტური „მანჩესტერ იუნაიტედის“ მარცხით დაიწყო, რომელიც გასვლაზე „ბრენტფორდთან“ ვერაფერს გახდა (1:3).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090634