დღეს, 27 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. „თელავმა“ „გაგრას“ უმასპინძლა 4:0 დაამარცხა და პლეი-აუტის ზონას თავი დააღწია.
ქართულ კლასიკოში“ კი „ტორპედომ“ და „დინამომ“ ქუთაისში ფრედ - 1:1 ითამაშეს. იმის გარდა,რომ ამ გუნდების შეხვედრები ყოველთვის დაძაბულად მიმდინარეობს, ამჯერად მატჩს სატურნირო მხრივაც ჰქონდა დატვირთვა. მოგეხსენებათ, გუნდები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძვან.
თავიდან მასპინძელი ქუთაისელები დაწინაურდნენ. მათმა ნორვეგიელმა შემტევმა ბიორნ იონსენმა თავისი მე-11 ბურთი გაიტანა მიმდინარე სეზონში. ამისდაკვალად, ბომბარდირთა დავაში იური ტაბატაძესა (რომელიც უკვე ესპანური „კადისის“ ფეხბურთელია) და სამგურალელ გიორგი ფანცულაიას გაუთანაბრდა.
დინამოელებმა 71-ე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში. თორნიკე მორჩილაძემ ზუსტად დაარტყა თერთმეტმეტრიანი. საბოლოოდ - 1:1.
ახლა „დინამოს“ 42 ქულა მოუგროვდა და მე-3 ადგილზეა, 40-ქულიანი „ტორპედო“ კი - მეოთხეზე.