ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘ხვამლს’ დაძაბულ ბრძოლაში 20:19 სძლია, 4 ტურის შემდეგ 14 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მეორე ადგილზეა.
crocobet დიდი 10-ის მეოთხე ტურის შეხვედრა „აია არენაზე“ გაიმართა. მასპინძლები ხშირად ცდებოდნენ, განსაკუთრებით დერეფანში, თუმცა დასკვნით წუთებში სწორედ დერეფნიდან აგორებულ მოლს მოყვა გადამწყვეტი ლელო. ‘ხვამლი’ მცირედი მარცხისთვის ნუგეშ-ქულას დასჯერდა და 11 ქულით მე-4 პოზიციაზე დაეშვა.
მეოთხე ტურს ორივე გუნდი ორ-ორი მოგებით და 10-10 ქულით შეხვდა. თამაში ქუთაისელების შეტევებით დაიწყო და პირველსავე წუთზე ავთანდილ ზვიადაძეს ლელოს გატანამდე სულ ცოტა დააკლდა. თუმცა ჯარიმის უპირატესობას 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლი და საბა ერემეიშვილის ლელო მოყვა, რომელიც ელგუჯა მახარეიშვილმა გარდასახა. მე-10 წუთზე მახარეიშვილს 40 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. ‘ხვამლმა’ ქულების აღების პირველი შანსი მე-15 წუთზე მიიღო, რითაც ლუკა თაყაიშვილმა ისარგებლა და ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა.
ტაიმის შუაში ‘ხვამლი’ 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. ყვითელი ბარათით სერგი ლეჟავა დაისაჯა, თუმცა მასპინძლებმა შეცდომებს მოუხშირეს და უპირატესობაში მხოლოდ მახარეიშვილის შორეულ ჯარიმას დასჯერდნენ. დასკვნით წუთებში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ, რასაც 31-ე წუთზე მოლის შემდეგ რეზო მახარაძის ლელო მოყვა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა, მაგრამ 35-ე წუთზე ლაშა მალაღურაძემ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და ჯარიმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. ორიოდე წუთში ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ‘აიამ’ მოიპოვა, მახარეიშვილმა ის კარში გადაგზავნა და ტაიმი 13:11 დასრულდა.
მეორე ტაიმი ‘აიას’ ლამაზი ლელოთი დაიწყო, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, თემურ კოხოძემ ნახტომში ლელოს დადებისას მცველთან კონტაქტისას ბურთზე კონტროლი დაკარგა. მეტოქის გაუქმებული ლელოთი ‘ხვამლმა’ ისარგებლა და ლუკა თაყაიშვილმა ჯარიმით სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა, რასაც 51-ე წუთზე მალაღურაძის სინბინი მოყვა და თბილისელები მოედანზე კიდევ ერთხელ დარჩნენ კაცნაკლული (10 წუთით).
მიუხედავად ამისა კაცნაკლულმა ‘ხვამლმა’ 59-ე წუთზე შეძლო კარგი ხელდახელ შეტევის განხორციელება და პირველ ფაზაში ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ მერე ბურთი ფრთაზე გავიდა და მიხეილ თაყაიშვილის შემჩერებელი აღარავინ იყო. გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობამ 6 ქულა შეადგინა. ქუთაისელებმა ჯარიმები კარში აღარ დაარტყეს და ორჯერ მეტოქის 22-ში, დერეფანში დაკარგეს ბურთი, თუმცა მცდელობებზე ხელი არ აიღეს, 71-ე წუთზე 5-მეტრიან დერეფანში ბოლო კაცზე მოიგეს ბურთი და მოლი ლუკა შენგელიას ლელოთი დასრულდა.
მახარეიშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რამაც ქუთაისელები 1 ქულით დააწინაურა. დარჩენილ დროში ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და ‘აიამ’ 20:19 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე საბა შარვაშიძე გახდა.
RUGBY.GE