რაგბი

11:43 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | გორი 24:17 ყაზბეგი

გორის ‘გორმა’ გაწითლებულ დროზე გატანილი გარდასახული ლელოთი სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 24:17 სძლია და crocobet დიდი 10-ში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

‘გორი’ დიდ 10-ში გასული სეზონის შედეგების მიხედვით აღზევდა და უძლიერესთა შორის პირველი გამარჯვება მე-4 ტურში მოიპოვა. მან „ჭალის სტადიონზე“ ასევე მოგების გარეშე მყოფი ‘ყაზბეგის’ წინააღმდეგობა დასკვნით 10 წუთში გატეხა, როდესაც ორი გარდასახული ლელო გაიტანა.

მატჩის დებიუტში სტუმრები ლუკა სახელაშვილის შორეული ჯარიმით დაწინაურდნენ. ‘გორმა’ მე-16 წუთზე უპასუხა: აპიმელეკი ნამბოლენგამ მოედნის ცენტრში ფეხით ითამაშა და მას მეტოქის 22-თან თავადვე დაეუფლა, პაატა გალდავას ბურთი ამოუგდო, მან კი მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიშორა და ლელო გაიტანა. მამუკა ნინიძემ გარდასახა. მე-19 წუთზე სახელაშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. ვატისონი ვანგანისარავის სინბინის შემდეგ მასპინძლებმა ტაიმის ბოლოს 10-წუთიანი რიცხობრივი უირატესობა მიიღეს, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს და ტაიმი 7:3 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნინიძემ ჯარიმით მასპინძლების უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა, თუმცა მალევე ‘ყაზბეგმა’ 2 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაიტანა და ლიდერობა დაიბრუნა. პირველი ლელო 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებულ მოლს და ფორვარდების რამდენიმე მიძალებას მოყვა. მიზანს რობერტ სავოიანმა უწია. თამაშის განახლების შემდეგ ‘გორი’ მოედნის ცენტრში შეცდა, ბურთი სირილო ლოვოკურომ აიტაცა და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. სახელაშვილმა ორივე გარდასახა.

შიდა ქართლელებმა სხვაობის შემცირება ჯარიმით სცადეს, მაგრამ გელა ხელაძის დარტყმული მიზანს ასცდა. ‘გორმა’ ტემპს უმატა და შეცდომების მიუხედავად 69-ე წუთზე მიზანს უწია. 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, რომელიც აპიმელეკი ნამბოლენგამ მაღალ სისწრაფეში მიიღო და მცველებმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხეს. ხელაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

78-ე წუთზე ხელაძემ საკუთარი გუნდის დაწინაურება ჯარიმით სცადა, მაგრამ მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა. გაწითლებულ დროზე მასპინძლებმა კიდევ ერთი შანსი მიიღეს, ნიკა ბიწაძემ რაქიდან ყველასათვის მოულოდნელად შეუტია და ის ლუკა ალიბეგაშვილმა სასწაულებრივი ბოჭვით შეაჩერა, თუმცა შეტევა გაგრძელდა, ნამბოლენგამ გაგლეჯვაზე კიდევ ერთხელ ითამაშა და გამარჯვების ლელო გაიტანა. ხელაძემ გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა- 24:17.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე აპიმელეკი ნამბოლენგა გახდა. ‘გორი’ 5 ქულით მე-8 ადგილზე დაწინაურდა, ‘ყაზბეგი’ კი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086276