„თბილისი არენას“ დარბაზში შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე საქართველოს სახელით როგორც ახალგაზრდებს, ასევე უფროსი ასაკის მებრძოლებს შორის ცხრა-ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა.
იუნიორებში მერვედფინალის საგზური თამაზ შავაძემ (56,7 კგ), თემურ მარტიაშვილმა (61,2 კგ), ივანე კვირიკაშვილმა (65,8 კგ), ზაურ გაჯიევმა (70,3 კგ) და გოგა მიდელაშვილმა (70,3 კგ) მოიპოვეს.
უფროსებს შორის კი მიზანს აკაკი ჩუხაშვილმა (56,7 კგ) , კობა ჭუმბურიძემ (61,2 კგ), ბექა შაინიძემ (65,8 კგ), გიორგი ჩხეტიამ (74,8 კგ), ლეჩი ალდამოვმა (79,4 კგ) და რომან ჩოჩიშვილმა (83,9 კგ) მიაღწიეს.
კიდევ ორი საგზური ოთარ ხუჭუამ (61,2 კგ) და გიორგი წიფიანმა (83,9 კგ) მოიპოვეს, რომელთაც მეტოქეები არ გამოუცხადდნენ.
პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ ტურნირი შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, კერიტ ბრაუნმა შეაფასა. ის საქართველოში მიმდინარე ღონისძიებით კმაყოფილია.
"ჩემთვის, როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტისთვის, პატივია, ვიყო ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების ნაწილი. საქართველოს მხრიდან, რომელიც ცნობილია სპორტული, საბრძოლო გამარჯვებებით, ორგანიზების კუთხით ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გაკეთებული. ჩვენს თვალწინ დაიბადა თქვენი ქვეყნის შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაცია, რომელმაც შეძლო და მსგავსი ტიპის მასშტაბური ტურნირის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო", - განაცხადა ბრაუნმა.
გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატში საერთო ჯამში 57 ქვეყნის 700-მდე მებრძოლი მონაწილეობს. პლანეტის პირველობა 2 ოქტომბერს დასრულდება.