რაგბი

19:40 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 28:34 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ პირველ ტაიმში მოპოვებული 24-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და რუსთავში ადგილობრივი ‘ხარები’ 34:28 დაამარცხა.

მასპინძლებმა საკუთარი გულშემატკივრის წინაშე საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. 0:24-ის შემდეგ მათ მეორე ტაიმის 25 წუთში სამი გარდასახული ლელოთი სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანეს და თამაშში დაბრუნდნენ, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად ძალა აღარ ეყოთ და ნუგეშ-ქულას დასჯერდნენ.

შედეგად, crocobet დიდი 10-ის ოთხი ტურის შემდეგ ‘არესს’ ოთხი მოგება აქვს, 17 ქულა მოუგროვდა და მეორე ადგილზე დაბრუნდა, ‘ხარებს’ კი 10 ქულა მოუგროვდა და მე-5 ადგილზეა.

„ხარები არენაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. მასპინძლებს ანგარიშის გახსნა მე-15 წუთზე შეეძლოთ, მაგრამ დავით მოძღვრიშვილს ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. ამის შემდეგ ‘ხარები’ თითქოს „გაითიშა“ და მოედანზე მხოლოდ ‘არესი’ დარჩა. მე-17 წუთზე ქუთაისელებმა ხაზით შეუტიეს, დავით კვირიკაშვილის ფეხით შეცურებულ ბურთს იაგო ხაბულიანი მიყვა, რომელმაც ასევე ფეხით ითამაშა და ის ლელოში დააფიქსირა.

27-ე წუთზე ‘არესის’ ფეხით თამაშს კიდევ ერთი ლელო მოყვა. მოშიშვლებულ ზურგში ამჯერად ბურთი სანდრო ფურცხვანიძემ გადაკიდა, ის მიწიდან დავით კვირიკაშვილისთვის იდეალური ტრაექტორიით ახტა და მანაც ლელო გაიტანა. 4 წუთში ფურცხვანიძემ თავად გაჭრა ხაზი, ორი მბოჭავი ჩამოიცილა და დაახლოებით 40-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. სანდრომ სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მონაგარს ტაიმის ბოლოს ჯარიმა შემატა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ - 0:24.

შესვენებისას ირაკლი ნატრიაშვილმა თავის გუნდს საჭირო მითითებები მისცა და ‘ხარები’ მოედანზე სხვანაირად დამუხტული გავიდა. 46-ე წუთზე ხვიჩა ბუჯიაშვილმა აგრესიულად შეუტია და დაახლოებით 20 მეტრი მოიგო, ვასილ ზღუდაძეს ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, ბურთი ბექა გელხვიძემ აიტაცა, რაქს გადაევლო და პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. ამ ეპიზოდში ზურაბ ძნელაძე სინბინით დაისაჯა და მასპინძლებმა 10 წუთით რიცხობრივი უპირატესობაც მიიღეს, რითაც მალევე ისარგებლა რატუ საინივალატიმ. ის თავისი ნახევრიდან მარჯვენა ფრთაზე დაიძრა, გზად ოთხი მცველი ჩამოიტოვა და ულამაზესი ინდივიდუალური ლელო გაიტანა.

‘ხარებმა’ ზეწოლა გააძლიერა და 63-ე წუთზე ლუკა კოხიამ თავისი გუნდის მესამე ლელო ძალისმიერ სტილში შეიტანა. დავით მოძღვრიშვილმა სამივე გარდასახვა გამოიყენა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა - 21:24. 75-ე წუთზე რუსთაველებს ლელოს ხაზთან ფეხით თამაშისას დაუფარეს. ამას უკვე ლელოში კიდევ ორი შეცდომა მოყვა, მაგრამ ბურთს ორი ქუთაისელიც აცდა. თამაში რომ განახლდა ლელო მაინც გავიდა. ფრთაზე სოლომონი რაუნგე ორ მცველს გაუმკლავდა და დიდ 10-ში თავისი სადებიუტო ლელო გაიტანა.

ამან მასპინძლები გატეხა. ნიკა კილაძის გარღვევისგან მათ თავი 5-მეტრიანთან დაიცვეს, თუმცა მერე დერეფანს ბურთი გადააცილეს და შოთა ხელაძემ სტუმართა უპირატესობა სოლიდური გახადა. რადგან ორივე გარდასახვა არაზუსტი იყო, ‘ხარებს’ დამსახურებული ნუგეშ-ქულის აღების შანსი დარჩა და ამით ისარგებლა. ხელდახელ შეტევის დასკვნით ფაზაში მაიკელი როკონდინონოზე ბოჭვა გაფუჭდა, მისი ლელო მოძღვრიშვილმა გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 28:34. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არესის’ ფულბეკი ცოტნე კვესელავა გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172174