თურქეთის სუპერლიგის მე-7 ტურის მატჩში შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქასიმფაშა" სტუმრად "რიზესპორს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა. გამარჯვების გოლი სტუმრებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ შოთა არველაძის გუნდი უკვე მეოთხე მატჩია დაუმარცხებელია, "ქასიმფაშას" ბოლო ოთხ მატჩში 2 მოგება და 2 ფრე უგროვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ შოთიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და მატჩი შეაფასა.
"შეიძლება ითქვას, რომ გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა, პირველში კარგად ვითამაშეთ, თუმცა მეორე ნახევარი ცუდად დავიწყეთ, მეტოქეს ბურთი დავუთმეთ და გოლიც ძალიან სწრაფად გაუშვით. ასეთ სიტუაციებში, როდესაც მეტოქე ბურთს ფლობს და ინიციატივასაც თმობ მეტი ზეწოლა მოდის. ასე იყო ახლაც, ამ ყველაფერმა ქაოსი შექმნა ჩვენს საჯარიმოში და ძირითადად თავდაცვაზე ვიყავით გადართული. ასეთ სიტუაციაში თამაშში დარჩენა ადვილი არასდროს არის, თუმცა ჩემმა ფეხბურთელებმა ეს შეძლეს. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გავიტანეთ, ეს ორმაგად სასიამოვნოა, ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს და გულშემატკივარს, მნიშვნელოვანი გასვლითი გამარჯვება იყო." - განაცხადა არველაძემ.
"ქასიმფაშას" შვიდი ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. შოთის გუნდი მომდევნო მატჩს 5 ოქტომბერს "ქონიასპორის" წინააღმდეგ გამართავს.