UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება, სადაც მერაბ დვალიშვილი მესამედ ეცდება საჩემპიონო ქამრის დაცვას. ამჯერად ქართველი "მანქანის" მეტოქე რეიტინგის მე-3 ნომერი კორი სენდჰეგენი იქნება. მერაბ დვალიშვილმა ბრძოლამდე ინტერვიუ მისცა MMA-ს ცნობილ ჟურნალისტს, სადაც ქართველმა მზადების პროცესზე და კორი სენდჰეგენზე ისაუბრა.
"კორი სენდჰეგენი კარგი და სახიფათო მებრძოლია, ის დგომს ხშირად იცვლის და ამასთან ერთად კარგი კარდიო აქვს. მომწონს ის ფაქტი, რომ ბრძოლამდე ის თავდაჯერებულია და ძლიერ მეტოქეს ველოდები. ყოველთვის, როდესაც რთული მოწინააღმდეგე მყავს, უფრო თავდაუზოგავად ვემზადები ბრძოლისთვის და საკუთარი თავის კარგ ვერსიას ვაჩვენებ ხოლმე, ვნახოთ ახლა რა მოხდება. კორის ჩემი დანოკაუტება, ხელებისა და ფეხების მომტვრევა და საჩემპიონო ქამარის დაუფლება სურს, მაგრამ მე აქ იმისთვის ვარ, რომ ამის უფლება არ მივცე. არ ვაპირებ ქამრის დათმობას და მითუმეტეს მასთან.
ვფიქრობ ბრძოლის 90%-ი დგომში წარიმართება, ჩემს მწვრთნელთან ერთად სტრაიკინგში ბევრს ვმუშაობ და აქცენტს ამ ბრძოლაში სწორედ ამაზე გავაკეთებ. სიმართლე გითხრათ, ბრძოლისგან სიამოვნების მიღება მინდა და კორის შეხვედრის ბოლო წამებზე დავაფინიშებ. ასე ბრძოლისგან მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებ, რადგან შონ ო'მალისთან ბრძოლის დროს რარაც დამაკლდა. მინდოდა მეტი დარტყმა და მეტი თეიქდაუნის გაკეთება." - განაცხადა მერაბმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლა 5 ოქტომბერს გამთენიისას გაიმართება.