ბლოგი

12:55 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

აღიარე და მოგეცემა!

პირადად უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი მრავალგზის ეცადა ბრიტანელებისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების დარწმუნებას იმაში, რომ რუსული კლუბებისა და ნაკრებებისთვის სანქციების მოხსნა აუცილებელი იყო. თუმცა პირველყოვლისა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მონდომებითა და გაჯიუტებით, რუსული ფეხბურთი კვლავ იზოლაციაში რჩება, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან სამ წელზე მეტი გავიდა და ზუსტად ამდენი ხანია რუსული სპორტი, ამ შემთხვევაში კი ფეხბურთი, სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. აქვე ერთი რიტორიკული კითხვაც უნდა დავსვათ: რამე დააკლდა მსოფლიო ფეხბურთს რუსების იზოლაციით?

ბევრი რუსული კლუბი ადრეც დამოკიდებული იყო და ახლა კიდევ უფრო დამოკიდებულია სახელმწიფო კომპანიების ან ოლიგარქების ფინანსურ მხარდაჭერაზე. პარალელურად, უფრო შემცირებული აქვთ სხვა ტიპის შემოსავლები (ტელევიზიიდან, რეკლამებიდან და სხვა). ამას ემატება გუნდებიდან ძლიერ ლეგიონერთა მასობრივი წასვლა, რადგან კლუბები აღარ მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში და ბევრ ფულს რომ თავი დავანებოთ, მრავალი უცხოელი მოთამაშე უბრალოდ მოტივაციას კარგავს.

არ იფიქროთ, თითქოს რაიმენაირად გვადარდებდეს რუსული ფეხბურთის მომავალი, თუმცა ის კი ნამდვილად საინტერესოა, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნები კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ რუსეთისთვის საფეხბურთო სანქციების შენარჩუნებას, რადგან რუსეთი გულხელდაკრეფილი სულაც არ ზის და უეფას თუ ფიფას არცთუ სუფთა რეპუტაციის ჩინოსანთა შორის ცდილობს მომხრეთა მომრავლებას.

ბევრი რამ, ცხადია, ომის დასრულებასა და მის შედეგებზეა დამოკიდებული, თუმცა ისიც საკითხავია, ომის დასრულების შემდეგ (როგორც არ უნდა დასრულდეს) რამდენად მოხერხდება უკრაინის, პოლონეთისა და იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენელთა დაყოლიება რუსეთის დიდ ტურნირებში დაბრუნებაზე.

ამასწინათ, რუსულ „ფუტბოლ-ჰოკეიში“ ვნახე წერილი სადაც ერთი „ჭკუის კოლოფი“ რუსული ფეხბურთის ქომაგებს იმ „არგუმენტით“ აიმედებდა, რომ ევროპამ თავის დროზე დამარცხებულ გერმანიას „აპატია“ დანაშაულები და ფეხბურთის თამაშიც არავის დაუშლია მათთვის, ჩვენ კი, ისეთი არაფერი დაგვიშავებია, რომ არ დაგვაბრუნონ უეფასა და ფიფაშიო. ამ ბოდვის შეიძლება ვინმეს სჯერა, მაგრამ ვისაც თავი პროპაგანდისტული ნაგვით არა აქვს გამოტენილი, ადვილად მიხვდება, რომ თანამედროვე რუსეთს დამარცხებულ გერმანიისგან ერთი უმთავრესი სიტყვა - „დამარცხება“ განასხვავებს. რუსეთი კი, თუ ომში დამარცხდება და რაც მთავარია, აღიარებს ამ დამარცხებას, ფიფა-უეფაში ალბათ თავად უკრაინა გაუწევს რეკომენდაციას. ნეტავ, ამას მოვესწროთ!

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098685