იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ „სასუოლოსთან“ დამარცხდა, ხოლო ქართველ მცველს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა ისევ არ მისცემია. შეხვედრის დასრულების შემდეგ "უდინეზეს" მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა.
"თავიდანვე ორი გოლი გაუშვით, რაც მატჩში გადამწყვეტი იყო, რადგან როდესაც ასე იწყებ დაბრუნება ძალიან ძნელია. მიუხედავად ყველაფრისა მეორე ტაიმი კარგად ვითამაშეთ, გოლიც გავიტანეთ, თუმცა გოლი ისევ მარტივად გავუშვით. ფეხბურთში მთავარი გოლების გატანაა და არა გაშვება. ყველაზე მეტად განაწყენებული სწორედ გაშვებული გოლების გამო ვარ, დაცვაში ასე თამაში მიუღებელია. იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა შრომა უნდა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ თამაშებში მაყურებელი სულ სხვა "უდინეზეს" ნახავს." - განაცხადა რუნიაიჩმა.
ცნობისთვის, საბა გოგლიჩიძეს „უდინეზეს“ მაისურით სერია A-ში ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული, „ინტერთან“ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:1).
„უდინეზე“ 5 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 ოქტომბერს, „კალიარის“ უმასპინძლებს.






