ესპანეთის ლა ლიგის მე-ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "რეალ სოსიედადს" უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კატალონიელებმა "რეალს" გადაასწრეს და პირველ ადგილზე არიან. მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
"ვთვლი, რომ რთული თამაში გამოვიდა და ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა მოგებას ნამდვილად ვიმსახურებდით. ჩემი ფეხბურთელებით ბედნიერი ვარ და მათ გამო ვამაყობ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიწყებს მატჩს ძირითად შემადგენლობაში, რადგან ყველა მათგანი მოედანზე საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე და ვთვლი, რომ ეს მეტად განვითარებაში დაგვეხმარება. "
გერმანელმა სპეციალისტმა კომენტარი ასევე ლამინ იამალის დაბრუნებაზე და პედრის თამაშზე გააკეთა:
"პედრი გასაოცარი და განსაკუთრებული მოთამაშეა. ის დრო და დრო უკეთესი ლიდერი ხდება, რაც მოედანზე მის მოქმედებებში ჩანს. პედრი თითქმის ყველგან არის, მან ძალიან კარგად იცის და გრძნობს თუ საჭირო დროს სად უნდა იყოს. დე იონგთან ერთად ის მოედნის ცენტრში უბრალოდ გასაოცარია, რომლის თამაშიც თამაშის მეტად კონტროლში გვეხმარება. რაც შეეხება იამალის დაბრუნებას, რა თქმა უნდა ძალიან კარგია. მოხარული ვარ, რადგან ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია." - განაცხადა ფლიკმა.
„ბარსელონა“ ლა ლიგაში 19 ქულით გალიდერდა, მომდევნო ტურში კი „სევილიას“ ესტუმრება. „სოსიედადმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და 5 ქულით მე-17 ადგილზეა.