რაგბი

21:02 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | წიქარა 19:16 არმია

crocobet დიდი 10-ის დებიუტანტმა ‘წიქარამ’ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. დედაქალაქურ დერბიში ავჭალელებმა ‘არმიას’ ბოლოსწინა წუთზე გატანილი გარდასახული ლელოთი 19:16 სძლიეს.

მე-4 ტურის შეხვედრა „ავჭალაზე“ გაიმართა და დაძაბული გამოდგა. გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს, ქულების უმეტესობა კი ჯარიმებით აგროვეს. ‘არმია’ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ სასურველი ანგარიში ვერ შეინარჩუნა.

მატჩის დასაწყისში ‘წიქარას’ დაწინაურება გიორგი ასათიანს შეეძლო, მაგრამ ჯარიმა გაუცუდდა. მე-11 წუთზე ‘არმიამ’ მასპინძლების შეცდომით ისარგებლა და 5-მეტრიანი დერეფანი მიიღო, საიდან აგორებული მოლიც გიგი ქურხულის ლელოთი და მერლს პიტერსის გარდასახვით დასრულდა.

მომდევნო 10 წუთში ასათიანმა და პიტერსმა ჯარიმები გაცვალეს. 27-ე წუთზე ‘წიქარა’ ვალდებლი იყო ლელო გაეტანა. ლისალა ნასენგემ მეტოქის გადაცემა მოედნის ცენტრში ჩაჭრა და ლელოსკენ დაიძრა. მას მდევართან დიდი უპირატესობა ქონდა, თუმცა სიჩქარე ვერ აკრიფა, თანაგუნდელს გადაცემა გაუკეთა და ის 5-მეტრიანთან შებოჭეს. ეპიზოდი ვანო ბერიკაშვილის სინბინით დასრულდა და იქვე ასათიანმა თავისი გუნდის მონაგარს 3 ქულა შემატა, თუმცა მეტჯერ ‘წიქარამ’ რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და ტაიმი 6:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი ‘არმიას’ შეტევებით დაიწყო და 49-ე წუთზე პიტერსმა ჯარიმით უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. ასათიანმა ორი ჯარიმით უპასუხა და დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. შეცვლაზე შესული გიორგი თევდორაძის ჯარიმის შემდეგ სხვაობა 4 ქულამდე გაიზარდა და ‘წიქარა’ იძულებული გახდა დასკვნით წუთებში ლელოზე ეთამაშა. ბოლოსწინა წუთზე მასპინძლებმა მეტოქის 5-მეტრიანში ჯარიმა გაათამაშეს, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ასათიანმა ბურთი ფეხით ფრთაზე გადაკიდა, სადაც მას ჯიუტასა ნავე დაეუფლა და ლელოში დაამიწა. ასათიანმა რთული პოზიციიდან გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 19:16.

საუკეთესო მოთამაშე კობა ბუჯიაშვილი გახდა. ‘წიქარას’ 9 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილამდე დაწინაურდა. ‘არმია’ ჯერჯერობით გამარჯვების გარეშეა და 2 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

ახლა crocobet დიდი 10-ში ერთკვირიანი შესვენებაა და ჩემპიონატი მეხუთე ტურით 10 ოქტომბერს განახლდება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09188