ფეხბურთი

21:34 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "წუწუნი არ მიყვარს, საუკეთესოდ ვემზადებით, რათა გავიმარჯვოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა მწვრთნელმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრავმების გამო წუწუნს არ აპირებს:

„მიხარია ბარსელონაში დაბრუნება, ეს ჩემი სახლია. ჩემი საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერის უმეტესი ნაწილი აქ გავატარე. ეს „კამპ ნოუ“ არ არის, მაგრამ ლამაზი სტადიონია: 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე აქ ვითამაშე და აქ ყოფნა ძალიან განსაკუთრებულია. ყოველთვის ვიქნები „ბარსას“ მადლიერი, ეს ჩემი კლუბი და ჩემი ქალაქია. მაგრამ პროფესიონალი ვარ.

მნიშვნელობა არ აქვს რომელი ფეხბურთელებით ვითამაშებთ, თამაშისთვის ჩვეულებრივ ვემზადებით, საუკეთესოდ, რომ გავიმარჯვოთ. ეს შესანიშნავი მატჩი იქნება. მომწონს „ბარსას“ თამაშის ყურება, განსაკუთრებით კი ისეთი ფეხბურთელის, როგორიც პედრია. ჩვენთვის საინტერესო და ამაღელვებელია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც იგივე მენტალიტეტით თამაშობს. მათ ჰყავთ ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. ორივე გუნდი ერთმანეთს ჰგავს.

ფეხბურთელებთან დაკავშირებით გარისკვა არ მოგვწონს. გადაწყვეტილებას თვითონ ფეხბურთელები მიიღებენ, თუ როგორ იგრძნობენ თავს. ეს მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ვარჯიშს ჩავატარებთ და ხვალ ვნახავთ. გამიმართლა, რომ ძალიან კარგი მოთამაშეები მყავს. თუ არის ერთი მწვრთნელი, რომელსაც წუწუნი არ უყვარს, ეს მე ვარ.

ვფიქრობ, პედრი ძალიან კარგად მიცნობს, მან ძალიან კარგად იცის, რას ვაკეთებდით ეროვნულ ნაკრებში. ჩემთვის პედრი უდავოდ ჰარი პოტერია და იმედი მაქვს, ხვალ თავის ჯადოსნურ ჯოხს არ მოიტანს… ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ბარსას თამაშში რაც შეიძლება ნაკლებად იყოს ჩართული. თუმცა, ბარსა მხოლოდ ის არ არის, ფრენკი დე იონგია ნახევარდაცვაში, კუბარსი დაცვაში და ლამინ იამალია... ეს არის უმაღლესი დონის მოთამაშეების მთელი სერია“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095391