ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „გალათასარაისთან“ დამარცხდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილს ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე დებიუტი ჰქონდა.
არნე სლოტმა ძირითად შემადგენლობაში ისევ ალისონი გაამწესა, მაგრამ ბრაზილიელი მეკარე მეორე ტაიმის სტარტზე დაშავდა, რის შედეგადაც, 55-ე წუთზე თამაშში გიორგი მამარდაშვილი ჩაერთო.
„ლივერპულმა“ წააგო, რადგან მე-16 წუთზე ვიქტორ ოსიმენის გატანილი პენალტი ვერ გაქვითა და 0:1 დამარცხდა. ეს არნე სლოტის გუნდის ზედიზედ მეორე მარცხია, თუ გავითვალისწინებთ, რომ შაბათს, პრემიერლიგაში „კრისტალ პალასთანაც“ უქულოდ დარჩა.
მამარდაშვილი პრაქტიკულად უსაქმოდ იყო იმ 43 წუთის განმავლობაში (კომპენსირებული დროის ჩათვლით), რაც მან მოედანზე გაატარა. ერთხელ დაემუქრა მის კარს ლუკას ტორეირა, რომელმაც არაზუსტად დაარტყა.
გიორგისთვის ეს „ლივერპულში“ მეორე ოფიციალური თამაში იყო, პირველად ინგლისის ლიგის თასზე ითამაშა. ალისონის ტრავმიდან გამომდინარე, შაბათს, პრემიერლიგაშიც ექნება დებიუტი „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ წინააღმდეგ, მერე სანაკრებო პაუზა იწყება. ბრაზილიელი მეკარის დაზიანებაზე დეტალური ცნობა მოგვიანებით გავრცელდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ "ჩელსისთან" ვერ ითამაშებს.
„ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში 3 ქულა აქვს და მომდევნო ტურში 22 ოქტომბერს, „აინტრახტს“ ესტუმრება. „გალათასარაის“ მონაგარიც 3 ქულაა და „ბოდო გლიმტს“ უმასპინძლებს.
„გალათასარაი“ – „ლივერპული“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ოსიმენი (16, პენ)