„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა დაადასტურა, რომ ალისონი ინგლისის პრემიერლიგის უახლოეს ტურში ვერ ითამაშებს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ „წითლების“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
„არასდროსაა დადებითი, როდესაც ფეხბურთელი მოედანს ასე ტოვებს. ალისონი შაბათს ვერ ითამაშებს. ზუსტად ვერ გეტყვით, ფიზიოთერაპევტი არ ვარ, მაგრამ ჩვეულებრივ, როდესაც ფეხბურთელი ასეთ სიტუაციაში მოედანზე ეცემა და თამაშს ვერ აგრძელებს, ეს კარგი არ არის. ის შაბათს ვერ ითამაშებს, 99.9%-ით. უკვე ვთქვი 100%-ით, მაგრამ მოდი, 99.9%-ად გადავაკეთოთ. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ 100%-ით ვერ ითამაშებს“, - თქვა სლოტმა.
ჯერჯერობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრავმის ხარისხი უცნობია, ეს სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდება.
„ლივერპული“ 4 ოქტომბერს, ლონდონში „ჩელსის“ ესტუმრება, ასე რომ, გიორგი მამარდაშვილს ინგლისის ლიგის თასისა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, დებიუტი პრემიერლიგაშიც ექნება.









