მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ვალვერდემ მედიაში გავრცელებულ ჭორებს უპასუხა, რომლის თანახმად ჩაბი ალონსოსთან კონფლიქტი აქვს და თამაშზე უარს ამბობს.
როგორც მან თქვა, ეს სიმართლე არ არის და მზადაა „რეალში“ ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს.
„წავიკითხე რამდენიმე სტატია, რომელიც ჩემს რეპუტაციას აზიანებდა. ვიცი, რომ ცუდი თამაშები მქონდა, ამას ვაცნობიერებ. არ ვმალავ და კრიტიკას პირდაპირ ვუყურებ. ხალხს ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩემზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვან, რომ თამაშზე უარს ვამბობ. ამ კლუბისთვის ყველაფერი და მეტიც გავიღე, ვთამაშობდი ტრავმირებული, არასდროს მიწუწუნია და დასვენება არ მითხოვია.
მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რომ ვუთხრა, რომელ პოზიციაზე მირჩევნია თამაში, მაგრამ ყოველთვის, ყოველთვის ნათლად ვაცხადებდი, რომ მზად ვარ ნებისმიერ ადგილას ვითამაშო. ამ კლუბში ჩემი გული და სული დავტოვე და ამას გავაგრძელებ, მაშინაც კი, თუ ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის ან ისე ვერ ვთამაშობ, როგორც მსურს. ჩემს სიამაყეს ვფიცავ, რომ არასდროს დავნებდები და ბოლომდე ვიბრძოლებ, ვითამაშებ, სადაც საჭირო იქნება“, - დაწერა სოციალურ ქსელში ურუგვაელმა ფეხბურთელმა.