ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. „ვილიარეალის“ ქართველმა ფორვარდმა თავი ტურინის „იუვენტუსთან“ გამოიჩინა.
პირველ ტაიმში „ვილიარეალმა“ ძალიან კარგად ითამაშა, აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად დაწინაურდა. მე-18 წუთზე ნიკოლა პეპეს პასის შემდეგ მიქაუტაძე საჯარიმოში მარტო იყო და ზუსტად დაარტყა. ესპანელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ვერ გაიტანეს.
მეორე ტაიმი „იუვენტუსმა“ ბევრად უკეთ დაიწყო და მალევე უკვე იგებდა. 49-ე წუთზე ფედერიკო გატიმ მაკრატელა დარტყმით დიდებული გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. 7 წუთის შემდეგ ფრანსისკო კონსეისაომ მოახერხა მეტოქის კარის აღება და „იუვე“ დაწინაურდა. „ვილიარეალს“ თითქოს, ძალა აღარ ჰქონდა, 76-ე წუთზე მიქაუტაძეც შეცვალეს. „იუვე“ ახლოს იყო მესამე გოლთან და თამაშის დასრულებასთან, მაგრამ ჯონათან დევიდის დარტყმა ხარიხას მოხვდა. 90-ე წუთზე კი, ესპანელებმა გაათანაბრეს - რენატო ვეიგამ გაიტანა, რომელიც გასულ სეზონში „იუვენტუსში“ თამაშობდა.
გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა, მაგრამ „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ექვს შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა და ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა. „ვილიარეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ქულა აქვს და მომდევნო ტურში „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. „იუვენტუსის“ აქტივში 2 ქულაა და მომდევნო ტურში 22 ოქტომბერს, „რეალს“ ესტუმრება.
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ „ნაპოლის“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. „ნაპოლიმ“ ტაიმი რასმუს ჰოილუნის გოლით მოიგო, რასაც სტუმრებმა მეორე ტაიმში ლუის სუარესის პენალტით უპასუხეს. თუმცა, ანტონიო კონტეს გუნდმა მაინც მოიგო, რადგან ჰოილუნმა დუბლი შეასრულა. ქოჩორაშვილს არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე იყო. „სპორტინგს“ 3 ქულა აქვს და „მარსელს“ უმასპინძლებს, „ნაპოლისაც“ 3 ქულა გააჩნია და მომდევნო ტურში პსვ-ს ესტუმრება.
„ვილიარეალი“ – „იუვენტუსი“ 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (18), 1:1 გატი (49), 1:2 კონსეისაო (56), 2:2 ვეიგა (90)
„ნაპოლი“ – „სპორტინგი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ჰოილუნი (36), 1:1 სუარესი (62, პენ), 2:1 ჰოილუნი (79)