ფეხბურთი

1:10 | 2.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერების გარეშეც: პსჟ-ს ქამბექი "ბარსელონასთან"

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ უდიდესი დანაკლისით ეწვია - ხვიჩა კვარაცხელიას, დეზირე დუეს, ჟოაო ნევეშისა დ უსმან დემბელეს გარეშე.

თუმცა, ლუის ენრიკეს გუნდმა მაინც მოიგო და მორიგი ქულები მოიპოვა. „ბარსელონამ“ კარგად დაიწყო: მე-19 წუთზე ფერან ტორესმა გახსნა ანგარიში, თუმცა, პსჟ-მ შესვენებამდე გაათანაბრა - სენი მაიულუმ გაიტანა. მატჩის ბოლო წუთზე პარიზელებმა გონსალო რამოშის გოლით მოიგეს. ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. „პარი სენ-ჟერმენს“ 6 ქულა აქვს, მომდევნო ტურში მისი მეტოქე სტუმრად „ლევერკუზენი“ იქნება. „ბარსელონას“ აქტივში 3 ქულაა და „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.

„მანჩესტერ სიტიმ“ ქულები დაკარგა. პეპ გვარდიოლას გუნდი გასვლაზე „მონაკოს“ ერლინგ ჰოლანდის დუბლით ორჯერ ამარცხებდა, მაგრამ ვერცერთხელ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება. ბოლო წუთზე ერიკ დაიერმა პენალტით გაათანაბრა - 2:2. „მანჩესტერ სიტის“ 4 ქულა აქვს, შემდეგი მეტოქე „ვილიარეალი“ იქნება, ხოლო „მონაკოს“ ერთი ქულა გააჩნია და „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.

„დორტმუნდმა“ შინ „ბილბაოს“ 4:1 აჯობა. გერმანულმა გუნდმა აჯობა მეტოქეს და სხვაობაც ლოგიკური იყო. „დორტმუნდს“ 4 ქულა აქვს, მომდევნო ტურში „კოპენჰაგენს“ შეხვდება, ხოლო „ბილბაო“ უქულოდაა და „ყარაბაღს“ უმასპინძლებს.

ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ლონდონის „არსენალმა“, რომელმაც გაბრიელ მარტინელისა და ბუკაიო საკას გოლებით 2:0 სძლია პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ და ძალებიც დაზოგა. „არსენალმა“ 6 ქულა დააგროვა და „ატლეტიკოს“ შეხვდება, „ოლიმპიაკოსს“ ერთადერთი ქულა აქვს და „ბარსელონას“ ესტუმრება.

ფრედ დასრულდა „ლევერკუზენისა“ და პსვ-ს მატჩი (1:1). ორივე გუნდი ჯერჯერობით მოუგებლადაა - გერმანელებს 2 ქულა აქვთ, ნიდერლანდელებს - 1.

„არსენალი“ – „ოლიმპიაკოსი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მარტინელი (12), 2:0 საკა (90)

„ბარსელონა“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ტორესი (19), 1:1 მაიულუ (39), 1:2 რამოში (90)

„ლევერკუზენი“ – პსვ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 კოფანე (65), 1:1 საიბარი (72)

„დორტმუნდი“ – „ბილბაო“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 სვენსონი (28), 2:0 ჩუკვუემეკა (50), 2:1 გურუზეტა (61), 3:1 გირასი (82), 4:1 ბრანდტი (90)

„მონაკო“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 ჰოლანდი (15), 1:1 ტეზე (18), 1:2 ჰოლანდი (44), 2:2 დაიერი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089317