"იბერია 1999"-ის მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა სპეციალისტი გუგა ნერგაძე იქნება. აღნიშნული ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
"გუგა ნერგაძე პირველ გუნდში "იბერია 2"-დან დაწინაურდა. ის სტრუქტურას კარგად იცნობს: მას უმუშავია როგორც აკადემიაში, ისე პირველი გუნდის ანალიტიკოსად. მისი ხელმძღვანელობით, "იბერია 2"-ს მიმდინარე სეზონში საშინაო შეხვედრა არ წაუგია." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "იბერიას" მტავარი მწვრთნელი ბოლოს გია გეგუჩაძე იყო, რომელმაც კლუბი დანიშვნიდან მალევე დატოვა. სწორედ მას ჩაანაცვლებს გუგა ნერგაძე, რომელიც ეროვნულ ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი იქნება.
26 ტურის შემდეგ "იბერიას" ეროვნულ ლიგაში 53 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 4 ოქტომბერს სტუმრად "გაგრას" წინააღმდეგ გამართავს.