„რომა“ ევროპა ლიგის მეორე ტურში „ლილთან“ 0:1 დამარცხდა, რაც საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან მატჩის მიწურულს რომაელებმა სამი პენალტი ვერ გაიტანეს.
არტიომ დოვბიკმა ორჯერ, შემდეგ მატიას სულემ შეასრულა თერთმეტმეტრიანი, მაგრამ სამივე შემთხვევაში „ლილის“ თურქმა მეკარემ ბერკე ოზერმა პენალტები მოიგერია. აღსანიშნავია, რომ სამი პენალტის შესრულება იმიტომ გახდა საჭირო, რომ მსაჯმა რომაელებს ისინი გაამეორებინა. „ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევა არასდროს ჰქონია:
„ჩემი საქმიანობის პერიოდში არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ერთ მატჩში 3 პენალტი ვერ გაგვეტანა, მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ეს თითქმის უნიკალური და შემთხვევითი სიტუაციაა. თუმცა მოხდა და უდავოა, რომ ამან შედეგი გააფუჭა. დოვბიკიც და სულეც პენალტისტები არიან, ვარჯიშებზე ასრულებენ. ახლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ“, - თქვა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, „რომას“ ევროპა ლიგის ორ ტურში სამი ქულა აქვს მოპოვებული.









