ესპანეთს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ოქტომბრის სანაკრებო მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, იმაზეც, რომ თითქოს, სექტემბერში ლამინ იამალი ნაკრებში ტრავმირებული ათამაშეს:
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ნაკრებია. ქუჩაში სულ უფრო მეტი ადამიანი დადის წითელი მაისურით და ამაზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ახლა მთავარი საქართველოსა და ბულგარეთის დამარცხება და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა. ამ მატჩებზე ვართ კონცენტრირებული.
მერჩივნა ოქროს ბურთი ნებისმიერ ესპანელს მოეგო. მიხარია, რომ იამალი და პედრი ნომინანტები იყვნენ და დარწმუნებული ვარ, ისინი მომავალში ოქროს ბურთს მოიგებენ. დემბელე სამართლიანი გამარჯვებულია, მაგრამ მე ესპანურ ფეხბურთს ყოველთვის მხარს დავუჭერ.
ჩვენ ძალიან მყარი საფუძველი გვაქვს, ჩვენი ყველაზე ასაკიანი მოთამაშეები 30 წლის არიან და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს. მორატა? ის ჩვენთვის არის და იქნება მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ის, რომ ახლა გუნდში არ არის, არაფერს ცვლის, მომავალისთვის მისი იმედი ისევ გვექნება, მაგრამ მეტოქეების ანალიზის შემდეგ ვფიქრობთ, რომ ამჯერად სხვა ფეხბურთელებს უფრო შეუძლიათ ჩვენი დახმარება.
ფლიკი? მისი სიტყვები (იამალზე) ჩემთვის გასაკვირი იყო. მეგონა, რომ მას უფრო მეტი თანაგრძნობა ჰქონდა, რადგან ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ეს მეორეხარისხოვანი, მეოთხე ან თუნდაც მეხუთეხარისხოვანი საკითხია. მან ერთი თქვა, მე კი მეორე - სულ ეს არის. მე მხოლოდ სიმართლეს ვამბობ. არა ჩემს სიმართლეს, არამედ სიმართლეს. ფეხბურთს ყოველთვის დისკომფორტით თამაშობენ. სამედიცინო დეტალებს არ გავამხელ. როგორც ჩანს, თამაშის შემდეგ დისკომფორტი იგრძნო“, - თქვა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 11 ოქტომბერს, ელჩეში გაიმართება.









