„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ ლა ლიგის მერვე ტურში მადრიდის „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა გიორგი მიქაუტაძე „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს, თანაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“, ხოლო მარსელინოს გამარჯვების იმედი აქვს:
„მოედანზე გამარჯვების იმედით გავდივართ. „რეალი“ შესანიშნავი მეტოქეა, ყველაფრის მოგების პრეტენდენტი. ისინი მტკივნეული მარცხის შემდეგ მოდიან, რაც მათ კიდევ უფრო საშიშს ხდის. მათ მოედანზე ვთამაშობთ და ძალიან რთულ მატჩს ველით, მაგრამ მოუთმენლად ველოდებით. კარგ კონკურენციას ვუწევთ შესანიშნავ გუნდებს და არა მგონია, ხვალინდელი მატჩი გამონაკლისი იყოს.
მთავარია შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა და კარგად დაცვა, როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად. უნდა ვიყოთ ერთიანები, თამამები და გვქონდეს ძლიერი ხასიათი ბურთის ფლობაში. ზუსტები უნდა ვიყოთ და არ დავუშვათ, რომ მოწინააღმდეგე იყოს ზუსტი. „რეალის“ დასამარცხებლად, ორივე ასპექტში იდეალური თამაში უნდა ჩაატარო და ეს ყოველთვის არ ხდება. უნდა ვეცადოთ და მოედანზე ამ იმედით გავალთ.
შემადგენლობა ვნახოთ, ჯერ ადრეა. პრინციპში, ჩვენი აღქმაა, რომ კარგად გამოვჯანმრთელდით, მაგრამ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. ეს სეზონის ფიზიკურად ყველაზე დამღლელი მატჩი იყო. ახლა მენტალურად და ფიზიკურად ენერგია უნდა აღვადგინოთ. გვინდა, რომ პოზიტიური მენტალიტეტი შევინარჩუნოთ, რადგან ეს კონკურენციაში დაგვეხმარება, მაგრამ ცვლილებებს აუცილებლად შევიტანთ.
პელეგრინოსთან გათანაბრება მატჩების რაოდენობით ძალიან მახარებს. ეს უდიდესი კმაყოფილებაა, რაც აჩვენებს, რომ დირექტორებიც კმაყოფილები არიან ჩემი მუშაობით. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და ფერნანდოს ნდობისთვის. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა ამ კლუბში თავი ასე კომფორტულად მეგრძნო, როგორც პირველი, ასევე მეორე პერიოდის განმავლობაში“, - თქვა მარსელინომ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.