ინგლისის პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა, ხოლო „ლივერპული“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა, სულ რაღაც ერთ კვირაში.
მეშვიდე ტურში „ლივერპული“ „ჩელსის“ ესტუმრა და 1:2 წააგო. მოისეს კაისედომ მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა და მამარდაშვილი ახლოს იყო მოგერიებასთან, მაგრამ გაშვებული გოლი მისი ბრალი არაა. მეორე ტაიმში კოდი გაკპომ წონასწორობა აღადგინა და „ლივერპული“ ეცადა გამარჯვების გოლის გატანას, თუმცა ბოლოს გაუშვა. 95-ე წუთზე ესტევაომ გაიტანა გამარჯვების გოლი და „ჩელსის“ მოაგებინა.
გიორგი მამარდაშვილმა 4 სეივი მიითვალა და მისი თამაში 7 ქულით შეფასდა. ქართველ მეკარეს მართლაც კარგი დებიუტი ჰქონდა, გაშვებულ გოლებში არავითარი ბრალიც არ მიუძღვის.
„ლივერპული“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა (ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით - მესამედ) და ლიდერი აღარაა: 15 ქულით მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „არსენალს“. სანაკრებო პაუზის შემდეგ არნე სლოტის გუნდი 19 ოქტომბერს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.
თავის მხრივ, „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, საიდანაც ბოლო ორი ტურში წაგებული ჰქონდა. ენცო მარესკას გუნდი 11 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ნოტინგემს“ ესტუმრება.
„ჩელსი“ – „ლივერპული“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 კაისედო (14), 1:1 გაკპო (63), 2:1 ესტევაო (90)