გიორგი მიქაუტაძემ „იუვენტუსის“ შემდეგ მადრიდის „რეალსაც“ გაუტანა, თანაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
ლა ლიგის მერვე ტურში „რეალმა“ „ვილიარეალი“ დაამარცხა, ხოლო მარსელინომ შემადგენლობაში როტაციას მიმართა, რომელიც მიქაუტაძესაც შეეხო და ძირითად შემადგენლობაში არ იყო. თუმცა, ქართველი 46-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და მოედანზე თანაგუნდელთა შორის, უდავოდ საუკეთესო იყო.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში კი ვინისიუსმა გაიბრწყინა, რომელმაც დუბლი შეასრულა. 73-ე წუთზე ბრაზილიელის გოლებს მიქაუტაძემ უპასუხა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან ზუსტად დაარტყა და ტიბო კურტუა უშანსოდ დატოვა. ცოტა ხანში „ვილიარეალს“ ფეხბურთელი გაუძევეს და შემდეგ კილიან მბაპემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ჟორჟს დუბლის შესრულებაც შეეძლო, როცა საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით ძალიან ლამაზად ცდილობდა გატანას, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ნებისმიერ შემთხვევაში, მან შესანიშნავად ითამაშა. ის პირველად დაუპირისპირდა „რეალს“, პირველად ითამაშა „სანტიაგო ბერნაბეუზე“...
გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე შვიდ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ლა ლიგაში მისი მონაგარი 5 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
„ვილიარეალი“ 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სანაკრებო პაუზის შემდეგ 18 ოქტომბერს, „ბეტისს“ უმასპინძლებს. „რეალს“ 21 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს, „ხეტაფესთან“ ჩაატარებს.









