„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ მადრიდის „რეალთან“ მატჩის (1:3) შემდეგ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მიქაუტაძეს შეუძლია „ვილიარეალს“ მიზნების მიღწევაში დაეხმაროს:
„ჟორჟი ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ მცირე პერიოდია, რაც ჩვენთანაა, თავის შესაძლებლობებს ავლენს. მას ბევრი უნარი აქვს, ძალიან კარგად ხედავს კარს, კარგი დარტყმა აქვს და შეუძლია მაღალი დონის მეკარეებისთვის გოლის გატანა. მას შესანიშნავი თამაშის შემოთავაზება და ჩვენი მიზნების მიღწევაში დახმარება შეუძლია“, - თქვა მარსელინომ.
გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე შვიდ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ლა ლიგაში მისი მონაგარი 5 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
„ვილიარეალი“ 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სანაკრებო პაუზის შემდეგ 18 ოქტომბერს, „ბეტისს“ უმასპინძლებს. „რეალს“ 21 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს, „ხეტაფესთან“ ჩაატარებს.