მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ UFC-ს სუპერმსუბუქი წონის დივიზიონის ერთ-ერთი უდავო ლიდერია. ლას ვეგასში გამართულ მორიგ დაპირისპირებაში ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი ძლიერ და ტექნიკურად დამაჯერებელ ბრძოლაში დაამარცხა, რაც მის ჩემპიონურ სტატუსს კიდევ უფრო განამტკიცებს.
პირველი რაუნდები შედარებით დაბალანსებულად წარიმართა, თუმცა მეორე რაუნდიდან ქართველის უპირატესობა აშკარა გახდა. მერაბმა არა მხოლოდ ტემპი აუწია, არამედ სენდჰეგენი სერიოზულ წნეხში მოაქცია - რამდენიმე მომენტში ნოკაუტის ზღვართან მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა ბოლომდე შეძლო ბრძოლის გაგრძელება, ძირითადად თავს იცავდა და შეტევით ვერ გამოირჩა. ხუთი რაუნდის დასრულების შემდეგ, მსაჯებმა გამარჯვება ერთხმად მანქანას მიანიჭეს. (49-45, 49-45 და 49-46)
დვალიშვილმა ამ ბრძოლით რიგით მესამე წარმატებული ტიტულის დაცვა აღნიშნა და ამ მაჩვენებლით მის ყოფილ თანაგუნდელსა და ახლო მეგობარ ალჯამეინ სტერლინგს გაუთანაბრდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ დვალიშვილმა ისტორიული ნიშნული დაამყარა - იგი გახდა პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელმაც მეტოქე 100-ჯერ გადაიყვანა მიწაზე. ეს მაჩვენებელი ნათლად ასახავს მის სტილზე დაფუძნებულ ტაქტიკას, რომელიც ძლიერ ჭიდაობასა და მუდმივ წნეხზეა აგებული.
ქართველმა სპორტსმენმა საჩემპიონო ქამარი ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა, როცა შონ ო’მალი სენსაციურად დაამარცხა. მას შემდეგ მერაბმა ორი წარმატებული ტიტულის დაცვა მოასწრო – ჯერ იანვარში დაამარცხა უმარ ნურმაგომედოვი, შემდეგ კი ივნისში შონ ო’მალიზე კვლავ გამარჯვება მოიპოვა.
ამჟამად, მერაბ დვალიშვილის პროფესიონალური კარიერა შთამბეჭდავად გამოიყურება – 25 ბრძოლიდან მას 21 გამარჯვება აქვს, მათ შორის 14 ზედიზედ მოგებული დაპირისპირება, რაც UFC-ის მასშტაბით ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სერიაა და მეოთხე ადგილს იკავებს.
დვალიშვილი UFC-ში არა მხოლოდ როგორც ჩემპიონი, არამედ როგორც ახალი რეკორდების ავტორი და შეუჩერებელი ძალა გვევლინება. მისი გამძლეობა, ბრძოლის სტილი და სპორტული დისციპლინა მას სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცევს.