ალექს პერეირამ მაგომედ ანკალაევი პირველ რაუნდში დაამარცხა და ჩემპიონობა დაიბრუნა - ახლა ბრაზილიელის მიზანში მძიმე წონაა.
ალექს პერეირამ UFC 320-ზე ლაით-ჰევივეიტ (93 კგ) დივიზიონის საჩემპიონო ქამარი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიბრუნა. ბრაზილიელმა მხოლოდ ერთი წუთი და 22 წამი მოანდომა მაგომედ ანკალაევის დრამატული ნოკაუტისთვის, რითაც შვიდი თვის წინანდელი მარცხისთვის რევანში აიღო.
38 წლის პერეირამ სრულიად განსხვავებული სტრატეგიით იბრძოლა, ვიდრე პირველი შეხვედრის დროს, რომელიც ანკალაევმა ქულებით მოიგო. ამჯერად ბრაზილიელი თავიდანვე აგრესიულად იმოქმედა და ძლიერ მარჯვენა ჰუკს მოარტყა.
პერეირამ სერია იდაყვებით გააგრძელა და რეფერიმ ჰერბ დინმა ორთაბრძოლა მალევე გააჩერა. ანკალაევმა მხოლოდ 7 მნიშვნელოვანი დარტყმიდან 2 მიაყენა, მაშინ როცა პერეირამ 37 დარტყმიდან 25 ზუსტად დასვა.
„შურისძიება არასდროს არის კარგი რამ. ვამბობდი, რომ პირველ ბრძოლაში კარგ მდგომარეობაში არ ვიყავი, მაგრამ არავის სჯეროდა. დღეს ნახეთ სიმართლე. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ იმ ღამით ცუდად ვიყავი. მიკვირს, რომ ეს არავის დაუჯერებია.“
ალექს პერეირასთვის ეს ბრძოლა მისი UFC კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ბრაზილიელ სპორტსმენს ორგანიზაციაში დებიუტი მხოლოდ 2021 წელს ჰქონდა და უკვე გახდა ორგზის ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში - რეკორდულ დროში, სულ რაღაც შვიდ ბრძოლაში.
საშუალო წონიდან (84 კგ) ლაით-ჰევივეიტში გადასვლის შემდეგ, მან ქამარი მოიპოვა და 2024 წელს სამი წარმატებული დაცვაც მოახერხა. ამ შთამბეჭდავი მიღწევისთვის პერეირა ილია თოფურიასთან ერთად წლის მებრძოლად დასახელდა.
რა იქნება შემდეგ? შესაძლოა – მძიმე წონა:
მიუხედავად იმისა, რომ პერეირამ ლაით-ჰევივეიტის ქამარი დაიბრუნა, მისი მიზანი შესაძლოა უფრო მაღლა, მძიმე წონის (120 კგ-მდე) დივიზიონში გადასვლა გახდეს. როგორც UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, პერეირამ და მისმა გუნდმა უკვე გააჟღერეს სურვილი, რომ კარიერა უფრო მძიმე კატეგორიაში გააგრძელოს.
ახლა, როცა პერეირასა და ანკალაევს შორის ანგარიში 1:1-ია, UFC-ს სამომავლო გეგმებში შესაძლოა ტრილოგიური ბრძოლაც იყოს. ანკალაევისთვის ეს მხოლოდ კარიერაში მეორე მარცხია და პირველი — 2018 წლის შემდეგ.