სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:45 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი: "შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი გვქონდა, მაგრამ მეტიც შეგვიძლია"

„მეცის“ ვებგვერდზე გიორგი წიტაიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ის ბავშვობაზე, განვლილ კარიერასა და ცხოვრებაზე საუბრობს.

- თქვენ დაიბადეთ რიშონ ლეციონში, ისრაელში, ქართველი მშობლების ოჯახში. რა მოგონებები გაქვთ ბავშვობიდან? როგორი ბიჭი იყავით?

- მამაჩემი ფეხბურთელი იყო და როცა მე დავიბადე, ის ისრაელის კლუბში თამაშობდა - ჰაპოელ ლეციონში. იქ გადავდიოდით საცხოვრებლად, სადაც მამაჩემის კარიერა გრძელდებოა, ამიტომ ისრაელთან ბევრი მოგონება არ მაკავშირებს. შემდეგ კვიპროსზე გადავედით საცხოვრებლად, სადაც 10 წელი ვიცხოვრეთ. მახსოვს, იქ ფეხბურთის თამაში დავიწყე. ეს კარგი დრო იყო, გართობის გარდა არაფერზე ვფიქრობდი.

- როგორი პატარა ბიჭი იყავი? როგორ შეგიყვარდა ფეხბურთი?

- საკმაოდ მშვიდი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ვუსმენდი მშობლებს. ჩემს გონებაში კი მხოლოდ ფეხბურთი იყო, სხვა არაფერს ვთამაშობდი. ამავდროულად, ფეხბურთელის ოჯახში დავიბადე, ამიტომ პატარაობიდან დავდიოდი მატჩების საყურებლად და თამაში სამი წლის ასაკში დავიწყე. მამაჩემი ძალიან წესიერი ადამიანია და ყოველთვის მეუბნებოდა: „კარგ ფეხბურთელობამდე კარგი ადამიანი იყავი“. ის ყველას პატივს სცემდა და მეც ვცდილობ, იგივე გავაკეთო. ჩემი მშობლები დღემდე საქართველოში ცხოვრობენ, დედაჩემი და ჩემი და აქ, საფრანგეთში, ერთი თვით იქ იყვნენ ჩამოსული.

- 12 წლის ასაკში კიევის დინამოს აკადემიაში ჩაირიცხეთ. გვიამბეთ უკრაინაში თქვენი ჩასვლის შესახებ. რა მოგონებები გაქვთ იმ წლებთან დაკავშირებით?

- იმ დროს, კიევის დინამოს აკადემიას ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა ახალგაზრდა მოთამაშეების წვრთნისა და მხარდაჭერის მხრივ. უკრაინული ფეხბურთი ძალიან ფიზიკურია, მე კი პატარა და სუსტი ვიყავი. უკრაინაში წასვლა ნამდვილად დამეხმარებოდა წინსვლაში, გაძლიერებაში და ტექნიკის შენარჩუნებაში. ეს ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. ამიტომ, მარტო წავედი, ჩემი მშობლები და ორი უმცროსი და კვიპროსში დარჩნენ. მხოლოდ 12 წლის ვიყავი, ბაზაზე ვცხოვრობდი. ეს ადვილი პერიოდი არ იყო. ძალიან ახალგაზრდა ჩავედი ქვეყანაში, რომელსაც არ ვიცნობდი, შორს ვიყავი ჩემი საყვარელი ადამიანებისგან. დავდიოდი სკოლაში და ერთი სიტყვაც არ მესმოდა. მაგრამ მხოლოდ ერთი ოცნება მქონდა: პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ამიტომ გავძელი და ამ პერიოდმა საკმაოდ ძლიერი ხასიათი ჩამომიყალიბა უკრაინაში ჩასვლამდე ორი თვე ესპანეთში, „ლა მასიაში“, ბარსელონას ბაზაზე გავატარე. ნამდვილი ოცნება ახდა, პირველი გუნდის რამდენიმე მატჩს ვუყურე, ვვარჯიშობდი და მათ ჩემი დატოვება სურდათ. სამწუხაროდ, ეს თავგადასავალი სწრაფად დასრულდა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მთელი ოჯახის ესპანეთში გადაყვანა ძალიან რთული იყო.

- პროფესიონალური დებიუტი 17 წლის ასაკში კიევის „დინამოში“ შედგა. შემდეგ უკრაინასთან ერთად 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეთ.

- მე ვიყავი მეორე ან მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც კიევის დინამოში დებიუტი ჰქონდა. თუმცა, ფეხბურთელის ცხოვრება აღმავლობებითა და დაღმასვლებითაა სავსე და ფსიქოლოგიურად რთულია. წნეხი დიდია, განსაკუთრებით დინამოში, უკრაინის ლეგენდარულ კლუბში. 17 წლის ასაკიდან შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა და არც ჩემი წუხილის ვინმესთვის გაზიარების შესაძლებლობა მქონდა. თუმცა, უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ენა ვისწავლე და ეროვნული ნაკრების ყველა ასაკობრივი კატეგორია გავიარე, სანამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს არ მოვიგებდი. წარმოუდგენელი მომენტი იყო.

- რას წარმოადგენს თქვენთვის ეს ქვეყანა?

- სწორედ იქ გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც ნახევრად უკრაინელია. როდესაც ომი დაიწყო, საშინელება იყო... ქვეყნიდან წასვლა, სადაც თავს სახლში გრძნობ, შიში დაგვეუფლა... იქ კიდევ რამდენიმე მეგობარი მყავს და სიტუაცია იდეალურისგან შორს არის. იმედი მაქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდება.

- საქართველოში დასახლებამდე უკრაინიდან პოლონეთში გადახვედით, სადაც ძალიან ცოტას თამაშობდით...

- მე ქართველი ვარ, მაგრამ მანამდე არასდროს მიცხოვრია საქართველოში. ადვილი არ იყო. ჩემი ქვეყნისთვის ჩემი შესაძლებლობები უნდა დამემტკიცებინა. პოლონეთში თამაშის დროს თავდაჯერებულობა დავკარგე, მაგრამ ჩემმა აგენტმა, რომელიც მამაჩემის აგენტიც იყო და ჩემთვის მეორე მამასავითაა, დამარწმუნა იქ გადასვლაში. მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ამ რთული პერიოდიდან გამოვედი. თავდაჯერებულობა ადამიანების კეთილგანწყობის წყალობით დავიბრუნე. მათ უბრალოდ ჩემი წარმატების ნახვა სურდათ. შემდეგ მთელი სეზონი ვითამაშე გრანადაში.

- ანუ, საქართველოს ნაკრების არჩევა ბუნებრივი არჩევანი იყო?

- დიახ. ვიცოდი, რომ თუ უკრაინაში ერთ ოფიციალურ მატჩს ვითამაშებდი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დავემშვიდობებოდი. საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ბაბუის ოცნება იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ მოესწრო. გამიმართლა და ევრო 2024-ზე ვითამაშე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, რომელმაც იცოდა, როგორ გამოეჩინა ყველა ფეხბურთელისგან საუკეთესო თვისებები და ნამდვილი გუნდი შექმნა. შესანიშნავი ტურნირი გვქონდა, მაგრამ კიდევ შეგვიძლია უკეთესი შედეგის მიღწევა. ჩვენი მიზანი ახლა მსოფლიო ჩემპიონატია.

- როგორი ურთიერთობა გაქვს გიორგი აბუაშვილთან? მამაშენი წვრთნიდა მას, არა?

- სანამ მეცში გადმოვიდოდა, მამაჩემის გუნდში თამაშობდა. აქ ჩამოსვლამდე მას ნამდვილად არ ვიცნობდი, მაგრამ მამაჩემმა მიამბო მისი თვისებების შესახებ, ის გუნდში საუკეთესო მოთამაშე იყო. ერთ უცხოურ გუნდში ორი ქართველის ყოლა შესანიშნავია, მაგრამ სამი თუ იქნება, ყველაფერი სწრაფად შეიძლება გართულდეს (იცინის - რედ). მას რამდენიმე რჩევას ვაძლევ, რომ აქ ადაპტაცია კარგად წარიმართოს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში.

- სეზონის დასაწყისში გუნდისთვის ვახშამზე დაპატიჟეთ. ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია?

- ესპანეთში ეს ტრადიცია იყო. თვეში ორჯერ მაინც ვაკეთებდით ამას. ეს ნამდვილად აერთიანებს გუნდს და ყოველთვის შესანიშნავად ვატარებთ დროს. მაშინაც კი, როცა მოედანზე საქმეები კარგად არ მიდის, ეს საშუალებას გვაძლევს, ერთად გავატაროთ დრო. მინდოდა, რომ იქ განცდილი ოჯახური ატმოსფერო შემექმნა. ბოლოს და ბოლოს, თანაგუნდელებს უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე ჩემს მეუღლეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთმანეთს კარგად ეწყობოდეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილისთვისა და „მეცისთვის“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო: ქართველს უჭირს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და 7 მატჩში 1 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო „მეცი“ ლიგა 1-ში მოუგებლად ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093374