გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „მაინცი“ 4:0 გაანადგურა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სადებიუტო გოლთანაც ძალიან ახლოს გახლდათ. მე-6 წუთზე გიორგიმ შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზე ცარიელ კარში ალბერტ ლოკონგამ ადვილად გაიტანა. ქართველი მცველის აქტიურობით „ჰამბურგი“ დაწინაურდა.
მასპინძლები ოთხ წუთში უკვე 2:0-ს იგებდნენ, რადგან სხვაობა რაიან ფილიპმა გააორმაგა. მეორე ნახევარში ფილიპმა დუბლი შეასრულა, ერთიც ჟან-ლუკ დომპემ შეაგდო და 4:0. საინტერესოა, რომ წინა ხუთ ტურში „ჰამბურგს“ 2 გოლი ჰქონდა გატანილი, დღეს კი ოთხი გაიტანა.
გოჩოლეიშვილი 82-ე წუთზე შეცვალეს. რამდენიმე წუთით ადრე ქართველს ფეხში მაგრად ჩაარტყეს და ექიმების დახმარება დასჭირდა, თუმცა საგანგაშო არაფერი უნდა იყოს, ამ მომენტიდან დაახლოებით 5 წუთი მოედანზე გაატარა. გიორგი გოჩოლეიშვილი ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და ძალიან კარგადაც თამაშობს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მის აქტივში 5 მატჩია, მხოლოდ „ბაიერნთან“ ვერ ითამაშა დისკვალიფიკაციის გამო.
„ჰამბურგს“ სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, 8 ქულა გააჩნია და 18 ოქტომბერს, „ლაიფციგს“ ესტუმრება.