„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლილთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებოდათ და კმაყოფილია:
„ჩვენი მხრიდან სრულყოფილი მატჩი იყო და ვფიქრობ, პირველ ტაიმში მეტი კონტროლი გვქონდა. რაც გავაკეთეთ, კარგი იყო. დღეს ყურადღება ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე გავამახვილეთ, რადგან „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ ვიცით, გუნდში დაღლილობა იყო. ასევე, ფეხბურთელები სანაკრებო კალენდრისთვის უნდა მოვამზადოთ, რომელიც მათ ელით. ვფიქრობ, ის დასვენების საშუალება, რაც დღეს, „ლილთან“ ამ მატჩის პირველი 60 წუთის განმავლობაში, ზოგიერთ მათგანს მივეცით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო.
ყველა მოთამაშემ, ვინც მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ეს არის სტადიონი, სადაც გამარჯვება რთულია. „ლილი“ ძალიან ძლიერი გუნდია, ევროთასებზე თამაშობს და ბევრი ხარისხიანი მოთამაშე ჰყავს. ისინი კარგად თამაშობენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მათზე მეტად მოგება დავიმსახურეთ. სამწუხაროა, რომ მათ მატჩის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.
ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგაში კი კარგ პოზიციაზე ვართ. მთელი სეზონის განმავლობაში ტიტულების მოსაგებად ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ. ამას სეზონის ბოლო ნაწილში ვნახავთ. ახლა კი კმაყოფილები ვართ. ახლა დროა, ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში გავუშვათ და შემდეგი ეტაპისთვის მოემზადონ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 16 ქულით ლიდერია და ქულით უსწრებს „მარსელს“, „სტრასბურსა“ და „ლიონს“, ხოლო მომდევნო ტურში 17 ოქტომბერს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს.