ესპანეთის ლა ლიგის მერვე ტურში „ბარსელონა“ „სევილიას“ ესტუმრა და 1:4 განადგურდა. "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გერმანელის თქმით, პრობლემა "ბარსელონას" სათამაშო სისტემაში არ არის.
"მატჩი წავაგეთ და ვეღარაფერს შევცვლი. არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სათამაშო სისტემის ბრალია. ჩვენ რამდენიმე დიდი შეცდომა დავუშვით და ამან თამაშზე გავლენა იქონია. პირველი ნახევარი ძალიან ცუდად ვითამაშეთ, თუმცა მეორე ნახევარში ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ, კარგად ვრეაგირებდით. ბოლო ორი მატჩიდან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და ამ ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ. დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერები დავბრუნდებით. სანაკრებო შესვენება ჩვენთვის კარგია. ეს ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს, ითამაშონ თავიანთ ეროვნულ ნაკრებებთან ერთად და ჰქონდეთ განსხვავებული გარემო. ვფიქრობ, ეს მათთვის კარგი იქნება." - განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" რვა ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილს "რეალი" 21 ქულით იკავებს.









