"ალ-ნასრის" ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ Portugal footbal globes დაჯილდოვებაზე პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო. რის შემდეგაც რონალდუმ ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
"ვიცი, რომ ვიღაცები შეიძლება დაიღალნენ ჩემი კიდევ აქ ხილვით, მაგრამ მე მჯერა, რომ ფეხბურთისთვის და პორტუგალიის ნაკრებისთვის ჯერ კიდევ შემიძლია კარგი საქმეების გაკეთება. მინდა კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშო, თუმცა ბევრი არა. ჩვენი მიზანი მომდევნო თამაშების მოგებაა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა. რა მოხდება შემდეგ მუნდიალზე უკვე ყველა ერთად ვნახავთ.
ჯერ კიდევ ვაკეთებ სასარგებლო საქმეებს, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში და რატომ არ უნდა გავაგრძელო? დარწმუნებული ვარ, როდესაც პენსიაზე გავალ კმაყოფილი ვიქნები, რადგან ამ სპორტისთვის ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. ახლა საქმე მომენტით ტკბობაზეა და ჩემი ფილოსოფია ამ საკითხზე შემდეგნაირია, რომ ყველა მომენტით ვისიამოვნო, ყველა ვარჯიშით და თამაშით, რადგან ბევრი დრო არ მაქვს დარჩენილი." - განაცხადა რონალდუმ.
პორტუგალიის ნაკრები 11 ოქტომბერს ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში უნგრეთს დაუხვდება. ორი ტურის შემდეგ პორტუგალიას 6 ქულა აქვს და F-ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს ორ შეხვედრაში სამი გოლი აქვს გატანილი.









