როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება "ნაპოლი" იქამდე სანამ კევინ დე ბრუინის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებდა, ახლოს იყო ნეიმარის დამატებასთან. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი "პარტენოპეის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა.
"როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარს საუდის არაბეთის დატოვება სურდა, ჩვენ მის ტრანსფერზე მუშაობა დავიწყეთ. ამ გარიგებაში პირადად მე, სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა და ანტონიო კონტეც იყო ჩართული. როდესაც ნეიმარს პირადად ტელეფონით ვესაუბრე, ყოყმანობდა და არ იცოდა სურდა თუ არა კვლავ ევროპაში დაბრუნება. ბოლო საუბრისას კი ძალიან გამაბრაზა, როდესაც საბოლოო პასუხის თქმა ვთხოვე, მითხრა, რომ ყველაფერს დღის ბოლომდე გამაგებინებდა, თუმცა გაქრა და საერთოდ აღარ გამოჩენილა." - განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში ნეიმარი საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ჰილალის" ღირსებას იცავდა, რომელიც საბოლოო ჯამში დატოვა და მშობლიურ კლუბ "სანტოსში" დაბრუნდა.