ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ჯო კოულმა 40 წლის პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
„ის ფაქტობრივად მედიცინის კანონებს ეწინააღმდეგება. მახსოვს, როდესაც ის 35 წლის იყო, ვთქვი: „ის მინიმუმ 45 წლამდე ითამაშებს“ და ყველას გიჟი ვეგონე. მე კი ვუთხარი: „ვნახოთ, ის კვლავ გაიტანს გოლებს“. ეს უბრალოდ სიგიჟეა. დიახ, ვიცი, რომ ლიგას, რომელშიც ის ამჟამად თამაშობს, ხშირად აკრიტიკებენ. მაგრამ თუ კარიერის გახანგრძლივება სურს, მას ამის გაკეთება პრემიერლიგაში, ლა ლიგასა ან ბუნდესლიგაში თამაშით არ შეუძლია. ამიტომ საუდის არაბეთის ლიგაში თამაშობს და გოლების გატანას აგრძელებს.
„და როდესაც ის პორტუგალიის ნაკრებში თამაშობს, მეტოქეების 85%-ის წინააღმდეგ აღარ უწევს ისეთი ფიზიკური დატვირთვა, როგორც ადრე. უბრალოდ, კარის წინ დააყენეთ და ის მაინც გაიტანს გოლს. ასე რომ, სამწუხაროდ ირლანდიასთან შესარჩევ მატჩში, ვფიქრობ, პორტუგალია კომფორტულად გაიმარჯვებს - 4:0“, - ციტირებს კოულის სიტყვებს Goal.
პორტუგალია ირლანდიას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში 11 ოქტომბერს უმასპინძლებს.
რონალდუ „ალ-ნასრში“ 2023 წლიდან თამაშობს. კლუბთან მისი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.