საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩისთვის მიმდინარე მზადების პროცესზე კომენტარი გააკეთა:
"ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ნაკრებში ასეთ დიდ დროს ატარებ შენს მეგობრებთან ერთად. ჩემთვის ესპანეთში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანასთან, სადაც 8 წელი გავატარე, დიდი ემოციური კავშირი მაქვს. ესპანეთთან უკვე რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩატარებული. ვიცით, რა სირთულის და მნიშვნელობის შეხვედრა გველის. პირველი დღიდან ყველა მაქსიმალურად ვემზადებით. ვეცდებით, ჩვენს გულშემატკივარს კვლავ კარგი თამაში შევთავაზოთ", - თქვა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.
საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.





