სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:36 | 10.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის დე ლა ფუენტე: "რთული თამაში გველოდება, საქართველო ძლიერია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა ვრცლად ისაუბრა ბევრ თემაზე და ჟურნალისტების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა:

„მინდა, საქართველოსთან მატჩზე ვისაუბროთ, ლამინ იამალის სიტუაციაზე უკვე ვილაპარაკეთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად მატჩების მოგება აუცილებელია, რაც ადვილი არაა. ხვალ რთული მატჩი გველოდება, კარგი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც კარგი ფეხბურთელები ჰყავს. როგორც ყოველთვის ვამბობ, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ. დღევანდელი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დიდი ინტენსივობით ვივარჯიშეთ, ბიჭები კონცენტრირებული და მოტივირებული არიან, ასე რომ, ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ.

დანი ოლმომ გარკვეული დისკომფორტი იგრძნო, თავს კარგად ვერ გრძნობდა და 15 წუთში ვარჯიში შეწყვიტა. მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, იმედი მაქვს, რომ არაფერი სერიოზული არ იქნება, მაწუხებს, როდესაც ჩემი ფეხბურთელები ტრავმებს იღებენ.

ამინდი? პირველ რიგში, ვიმედოვნებთ, რომ არაფერი მოხდება და თამაშს შევძლებთ, უპირველეს ყოვლისა, იქაური ხალხისთვის. ჩვენი გეგმა შევცვალეთ, მაგრამ ხვალ იქ ვიქნებით.

ლაპორტის ლა ლიგაში დაბრუნება? ყოველთვის ვამბობდი, რომ რაც უფრო მეტი ესპანელი ფეხბურთელი იქნება ესპანეთში, მით უკეთესი, რადგან ეს საუკეთესო ლიგაა. ჩვენთვის ეს შესანიშნავი ამბავია, მან აჩვენა, რომ საუდის არაბეთში თამაშის დროსაც მაღალ დონეზე იყო. ახლა ის ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგაში თამაშობს.

კუბარსის დაცვის ცენტრში ორივე მხარეს თამაში შეუძლია, ისევე, როგორც ლე ნორმანს. ეს კარგია, რადგან საგანგებო ვითარებებში ცვლილებების საშუალებას გვაძლევს. ჩემი გუნდი ძალიან მოწიფულია, გუნდს რამდენიმე ლიდერი ჰყავს, მაგალითად, ოიარსაბალი, მერინო, ფერანი, ოლმო, მათ გუნდში დიდი გავლენა აქვთ. ჩვენთან ეგოები არ არსებობს.

„ბარსასთან“ და ფლიკთან ლამინის გამო კონფლიქტი არ მაქვს. ფედერაციის მხრიდნაც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, მინდა, გუნდში 2030 წლამდე დავრჩე, როცა მსოფლიოს ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ.

ტრავმები სამწუხაროა, მინდა, რომ ჩემი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი იყოს, მაგრამ არ ვნერვიულობ იმაზე, თუ როგორ შევავსებთ დანაკლისს. პრივილიგირებული ვარ, რომ მაქვს დიდი არჩევანი, შემიძლია 40-50 ფეხბურთელს შორის გავაკეთო არჩევანი, ორი-სამი ესპანეთის ნაკრების ყოლა შემიძლია. ანსუ ფატის დაკვირვება? მიხარია, რომ ის კარგად თამაშობს, ეს ჩვენთვის კარგი ამბავია. მას ძალიან კარგად ვიცნობთ და ერთ-ერთი ფეხბურთელია, ვისაც ვაკვირდებით, მაგრამ ახლა არ ვიცი, გამოვიძახებთ თუ არა, მეორე მატჩისთვის“, - თქვა დე ლა ფუენტემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.

ესპანეთი - საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ურთიერთშეხვედრების ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა, რადგან 8-დან 7 მატჩი ესპანელებმა მოიგეს, ხოლო ერთი საქართველომ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165462