ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა მიკელ მერინომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
თუმცა, ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი უფრო ზოგად თემებზე საუბრით შემოიფარგლა და საქართველოს ნაკრებზე არაფერი უთქვამს:
„საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში ბევრი ფეხბურთელია. ლამინი და ნიკო უილიამსი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, მაგრამ ასევე გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ერთი-ერთზე თამაშის უნარი აქვთ. ვინც არ უნდა იყოს მოედანზე, ჩვეულ ესპანეთის ნაკრებს ვნახავთ.
ფიფას რეიტინგში ლიდერობაზე ჯერ არ გვისაუბრია. ვფიქრობ, ამაზე უფრო ხალხი ფიქრობს. ეს ჩვენთვის არანაირი ზეწოლა არაა, მაგრამ ცხადია, რომ პირველ ადგილზე ყოფნა კარგია და ასევე პასუხისმგებლობაა, რომ საუკეთესოდ ვითამაშოთ. ესპანეთის ნაკრების ყურებით გავიზარდე და ამ გუნდის ნაწილი რომ ვარ, შესანიშნავია.
მსოფლიოში არცერთი ფეხბურთელი არ არის კმაყოფილი, როცა ძირითად შემადგენლობაში არაა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გოლების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს გააქვთ. ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალოდ ძირითად შემადგენლობაში ყოფნა. ყველას მეტი გვინდა, მაგრამ როცა მოედანზე ხარ, კონკურენციის სურვილი უნდა გქონდეს. ვცდილობთ, ახალგაზრდებს ჩავუნერგოთ, რომ მთავარი გუნდზე ფიქრია.
ამინდი? ეს ცხოვრების ნაწილია, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარია, რომ ადამიანები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იყვნენ. ვეცდებით, ხალხი გავახაროთ, რადგან ეროვნული ნაკრების თამაში ზეიმია.
ფეხბურთელის ცხოვრება რთულია, დასვენებისთვის ბევრი დრო არ არის. ვცდილობ, დავისვენო, თავისუფალი დრო ჩემს მეუღლესთან და ძაღლთან ერთად გავატარო. ზოგჯერ უბრალოდ სახლში ვისვენებ, ფეხბურთეის ცხოვრება მოსაწყენია, მაგრამ თუ ხანგრძლივი კარიერა გინდა, ეს აუცილებელია“, - თქვა მერინომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.
ესპანეთი - საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ურთიერთშეხვედრების ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა, რადგან 8-დან 7 მატჩი ესპანელებმა მოიგეს, ხოლო ერთი საქართველომ.









