ფეხბურთი

18:43 | 10.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ესპანეთთან წაგების შიში არ უნდა გვქონდეს, მთავარია, დავამტკიცოთ, რომ სწორ გზაზე ვართ"
"ესპანეთს თითოეულ პოზიციაზე 5 ან 6 მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და დანაკლისი არაფერს ცვლის"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. როგორც მან თქვა, ყველა ფეხბურთელი მზადაა და ეცდებიან, დაამტკიცონ, რომ ესპანეთსა და საქართველოს შორის სხვაობა შემცირდა:

კვარაცხელია და სამზადისი

„გადავწყვიტეთ შეკრებისთვის აქ ჩამოსვლა, რადგან ჩვენთვის ლოჯისტიკის თვალსაზრისით ეს უფრო მარტივი იყო. მოთამაშეებს ცოტა მეტი დრო მივეცით საკლუბო თამაშების შემდეგ აღსადგენად, რაც მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი კვირა იყო, ბოლო ორი დღე ცოტა ნესტიანი, მაგრამ არაუშავს, ეს დიდი პრობლემა არაა. რაც შეეხება კვარას, პირადად ვესაუბრე „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლებს და მათ დამიდასტურეს, რომ კვარაცხელია არ ყოფილა დაშავებული, უბრალოდ გუნდურად ვერ ვარჯიშობდა ცოტა ხნით, ამიტომაც არ ითამაშა ბოლო მატჩში. ასე რომ, ჩვენ ძალიან გავიხარეთ, როცა გავიგეთ, რომ ის ნაკრებში ჩამოსასვლელად 100%-ით მზად იყო".

კვარაცხელია ითამაშებს

"ვფიქრობ, ამჟამად საფეხბურთო სამყაროში ტრავმებთან დაკავშირებით ცოტა რთული სიტუაციაა შექმნილი. ვფიქრობ, ესპანეთშიც იყო რაღაც უთანხმოება კლუბებსა და ნაკრებს შორის. იცით, რაც საქართველოში ვარ, არასდროს გაგვიკეთებია რაიმე ისეთი, რაც მოთამაშეს რისკის ქვეშ დააყენებდა. ფეხბურთელმა მხოლოდ მაშინ უნდა ითამაშოს, როცა ყველა ექიმი, როგორც კლუბის, ისე ნაკრების, მისცემს ნებართვას. ჩვენ ეს ნებართვა მივიღეთ, ასე რომ, საერთოდ არ არსებობს კვარაცხელიას რისკის საკითხი".

ამბიციურობა

"ვფიქრობ, ამ მომენტში ესპანეთი და პორტუგალია ევროპის ორი საუკეთესო ნაკრებია, ისინი ბევრად წინ არიან სხვებთან შედარებით. ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ თავი ესპანეთს და ამას არც ვცდილობთ. ვიცით, რომ მათსა და ჩვენ შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე ეს სხვაობა თანდათან შემცირდეს. იმედი მაქვს, რომ ხვალ, ბიჭები სწორედ ამ განწყობით გავლენ მინდორზე. ძალიან გვსურს ვაჩვენოთ, რომ თითოეული თამაშით ვსწავლობთ. ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი ესპანეთთან გვქონდა, ახლა კი ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს სურთ აჩვენონ, რომ ჩვენსა და ესპანეთს შორის სხვაობა სულ უფრო მცირდება. ისინი ითამაშებენ ამბიციურად, უშიშრად, რადგან ესპანეთთან წაგების შიში არ უნდა გვქონდეს. მთავარი ისაა, რომ ვაჩვენოთ კარგი თამაში და დავამტკიცოთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ".

აქცენტი თურქეთთან მატჩზე

"ესპანეთი ჯგუფის ლიდერია და ალბათ, პირდაპირ გავა შემდეგ ეტაპზე. თურქეთს ჩემი აზრით, უფრო მეტი გამოცდილება აქვს და სავარაუდოდ, უფრო ძლიერი ქვეყანაა ფეხბურთში, ვიდრე ჩვენ ვართ. თუმცა ჩვენი მიზანია ვიბრძოლოთ მეორე ადგილისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, თურქეთთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, თურქეთისთვის სრულად მოსამზადებლად საჭიროა ესპანეთთან კარგად თამაში. შესაძლოა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ხვალ გადაწყვეტილებები მომდევნო მატჩის შესაბამისად მივიღოთ. თუმცა ესპანეთში არ ჩამოვსულვართ იმ აზრით, რომ უკვე წავაგეთ. მატჩი არასდროსაა წაგებული მანამდე, სანამ არ დაიწყება. ამ ორ თამაშშიც ზუსტად ერთნაირი თავდადებით ვიბრძოლებთ".

იამალის არყოფნა

"რადგან მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ჩემთვის ყოველთვის უკეთესია, როცა საუკეთესო ფეხბურთელები მინდორზე არიან. მაგრამ ეს ყოველთვის შეუძლებელია, სხვადასხვა მიზეზების გამო. უბრალოდ მსურს ვუსურვო მას სწრაფი გამოჯანმრთელება, რომ ძალიან მალე ისევ ვიხილოთ მინდორზე, რადგან ის ხალხს დიდ სიხარულს ანიჭებს".

ესპანეთის დანაკლისი

"იცით, როცა რომელიმე გუნდი თამაშობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენ გვყავს 4, 5 ან 6 ტრავმირებული ფეხბურთელი, შეიძლება მათ გააანალიზონ სიტუაცია და დაფიქრდნენ, როგორ ითამაშონ სხვანაირად. თუმცა, როცა თამაშობ ესპანეთის, პორტუგალიის ან ამ დონის გუნდების წინააღმდეგ, რომლებსაც თითოეულ პოზიციაზე 5 ან 6 მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ, მაშინ ეს არაფერს ცვლის. ესპანეთი თამაშობს თავის სტილში. მათ ძალიან მკაფიო საფეხბურთო დნმ აქვთ და ხვალაც ზუსტად ასე იქნება: იამალის გარეშე იქნება, ოლმოს გარეშე თუ უილიამსის გარეშე — ჩვენთვის მაინც რთული მატჩი იქნება, მაგრამ მზად ვართ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0). ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო ბულგარეთს ქულა არ აქვს.

ესპანეთი - საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. ურთიერთშეხვედრების ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა, რადგან 8-დან 7 მატჩი ესპანელებმა მოიგეს, ხოლო ერთი საქართველომ.

სოფო ერქვანია ესპანეთიდან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091115