საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ოსტრავას (ჩეხეთი) ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია. ვაჟთა ნაკრების შვიდი წარმომადგენლიდან ხუთმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და აქედან სამ შემთხვევაში საქართველოს ჰიმნმა გაიჟღერა.
საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლაშა დუნდუას შეგირდებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა მოიპოვა ლუკა ჩხიკვაძემ (-60 კგ), რომელმაც ფინალში ირლანდიელი შონ მაკკასკერი დაამარცხა. ევროპულ რინგზე ასეთივე წარმატებით გამოვიდა აკაკი ბასარია (-70 კგ), რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უკრაინელი ვლადისლავ ჩიუნიუკს მოუგო. საქართველოს მესამე და ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა ზუკა ჭოჭუამ (-65 კგ) - ირლანდიელ ჯონ მაერს მოუგო.
პოლონელ ფაბიან ურბასკისთან დაპირისპირებაში ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა დავით მხეცაძეს (-80 კგ). ქართველი მოკრივე კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა. ვერცხლის მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი ელნურ აბდულაევმა (-75 კგ), რომელიც სამწუხაროდ, ინგლისელ ჰარისონ ოლივერ მალესთან დამარცხდა.
GEONOC.ORG.GE